„ფრანს ფუტბოლმა’’ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოსმან დემბელე დაასახელა და მას „ოქროს ბურთი’’ გადასცა. ახლა ფიფას დაჯილდოების ჯერი ახლოვდება. განსხვავება ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სეზონის კი არა, წლის საუკეთესო მოთამაშეს ავლენს. მის გამოკითხვაში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მწვრთნელები, შერჩეული ჟურნალისტები და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებული გულშემატკივრები. ხმის მიცემის ვადა დეკემბრამდეა.

გასულ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა მიიღო, ხოლო „ფრანს ფუტბოლის’’ ლაურეატი როდრი მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე იყო ჯუდ ბელინგემი.

ახლახან გამოცხადდა 2025 წლის ნომინანტები. მათ შორის ცხადია არის ოსმან დემბელე. „პარი სენ ჟერმენის’’ სხვა ფეხბურთელთაგან შორთ-ლისტში მოხვდნენ აგრეთვე აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში და ვიტინია.

თერთმეტ კაცში აგრეთვე წარმოდგენილები არიან „ბარსელონას’’ მოთამაშეები ლამინ იამალი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის’’ ვერსიაში მეორე ადგილი დაიკავა, პედრი და რაფინია.

„რეალის’’ ფეხბურთელთაგან თვალში ხვდება ბოლო დროს საუცხოოდ მოთამაშე ფრანგი კილიან მბაპე. აქვეა „ბაიერნის’’ ინგლისელი ცენტრფორვარდი ჰარი კეინი, „ჩელსის’’ ინგლისელი თავდამსხმელი კოულ პალმერი და „ლივერპულის’’ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი.

როდის გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ისე ჩანს, რომ გალა-წარმოდგენის თარიღად 2026 წლის იანვრის ერთ-ერთ დღეს დათქვამენ.