ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის.
„ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო, ეპიზოდის გამეორებას არავინ შეხედავდა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც არბიტრს თავად მოქმედება უნდა შეეფასებინა და არა მისი შედეგები’’, ― განმარტა „რეალის’’ ვარსკვლავმა პოდკასტში სახელწოდებით Einfach mal luppen. შეგახსენებთ, რომ მართალია კროსის კარიერის ძალიან ეფექტურმა პერიოდმა ესპანეთში გაიარა, 2007-14 წლებში ის „ბაიერნში’’ თამაშობდა, სადაც 130 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
აშრაფ ჰაკიმი კი დაშავდა და RMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ექვს-რვა კვირას გამოტოვებს. მაროკოს ნაკრებს იმედი აქვს, რომ ის აფრიკის თასისთვის (21 დეკემბერი – 18 იანვარი) მაინც შეძლებს გამოჯანმრთელებას.
რაც შეეხება ლუის დიასს, მას უეფას სადისციპლინო კომიტეტის რეგლამენტის შესაბამისად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის სამი შეხვედრა გაუცდეს. მიზეზი: მისი გაძევება უხეში თამაშით იყო განპირობებული ეს კი არასპორტულ საქციელს უტოლდება. „ბაიენის’’ შემთხვევაში ხსენებული მატჩებია: 27 ნოემბერს ლონდონში „არსენალთან’’, 9 დეკემბერს შინ „სპორტინგთან’’ და 22 იანვარს შინ „როიალ უნიონთან’’.





