დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო გაიტანა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში 25-ე გახლდათ. ტოპ 14-ში ორი ქართველი ახალგაზრდის დებიუტიც შედგა, ხოლო პრო დ2-ში დაფიქსირებული ორივე ქართული ლელოს ავტორები 9 ნომრები აღმოჩდნენ.
ტოპ 14
„ლა როშელმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და კარგადაც ითამაშა. შედეგად, ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარე ქალაქში ლამაზი გამარჯვება იზეიმეს – 33:6. ჰოდა, ამ ლამაზ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი დავით ნინიაშვილის საოცარმა ლელომ ითამაშა. შეხვედრის 53-ე წუთზე „ნინიმ“ ბურთი მეტოქის 22-ში მიიღო, ლელოსკენ დაიძრა, თავბრუდამხვევეი დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს გასცდა და როცა ბურთის დამიწებას აპირებდა, რამდენიმე პარიზელმა შებოჭა, მაგრამ ქართველმა უკანახაზელმა აქაც ივარგა და ძალისმიერ ბრძოლაში ბურთის გადადება მაინც მოახერხა.
ეს იყო ნინიაშვილის მე-4 ლელო მიმდინარე სეზონის მე-7 მატჩში, ხოლო სულ მას ტოპ 14-ში 68 შეხვედრაში 25 ლელო დაუგროვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ „ლა როშელის“ მეორე ქართველმა, ბურჯმა ალექსანდრე ქუნთელიამ ტოპ 14-ში 50-ე მატჩი ჩაატარა, არადა დათოც და სანდროც მხოლოდ 23 წლისანი არიან. ასევე აღსანიშნავია პარიზელთა რიგებში 20 წლის ქართველი ცენტრის ვლადი აშვეთიას დებიუტიც, თანაც „რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში. ვლადი სახელოვანი ვეტერანი ბორჯღალოსნის, დავით აშვეთიას ვაჟია.
ტოპ 14-ში თავისი სადებიუტო მატჩი აშვეთიას თანატოლმა ანდრო დვალმაც ჩაატარა. მართალია, 20 წლის მესამეხაზელს შარშან ჩელენჯ თასზე აქვს ნათამაშები, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა და ფეხბედნიერადაც – მისმა „პერპინიანმა“ „პოსთან“ ბონუსით, 23:27 წააგო და ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა.
პრო დ2
„ვანმა“ საკუთარ სტადიონზე „ვალანს რომანს“ ძალაინ დიდი ანგარიშით მოუგო 64:10. ლელოების უზარმაზარ რაოდენობაში კინკილა ლელო გუნდის 9 ნომერ მიხეილ ალანიასაც მიუძღვის – მეორე ტაიმის დებიუტში მიშიკო შემტევ მოლს აჰყვა და საჭირო მომენტში მოჭიდავეებს ბურთიანად მოწყდა. ეს იყო ალანიას მე-2 ლელო ჩემპიონატში ჩატარებულ მე-9 შეხვედრაში, პრო დ2-ის მასშტაბით კი მას 85 მატჩი და 10 ლელო აქვს.
„ორიაკისა“ და „ოიონაქსის“ დაძაბულ ჯახში 8 ქართველმა მიიღო მონაწილეობა და თავი აქაც 9 ნომერმა გამოიჩინა – ვასილ ლობჟანიძე თამაშში მარქაფიდან უკვე მე-5 წუთზე ტრავმირებული თანაამპლუელის ნაცვლად ჩაერთო და 63-ე წუთზე სეზონში პირველი ლელო გაიტანა. ვასკა თანაკლუბელს დროულად აჰყვა, პასიც მიიღო და ლელოც დაუბრკოლებლად დადო. ეს იყო ლობჟანიძის მე-9 თამაში მიმდინარე სეზონში, სულ კი მას პრო დ2-ში 54 მატჩი და 3 ლელო აქვს.
თუმცა, ვასკას ლელო მის გუნდს მხოლოდ სანუგეშო ბონუსის მიღებაში დაეხმარა, რადგან ოიონაქსელებმა მანამდე და მას მერეც ვერაფერი მოუხერხეს მასპინძელთა შერკინებას, რომელიც სტუმრებს ძალზე ხშირად აჯარიმებდა. გიორგი ქართველიშვილი 22:20 მოგებული მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურშიც კი მოხვდა, ხოლო თედო აჟანდაძემ ოიონაქსელები ხსენებული ჯარიმებისთვის სასტიკად დასაჯა – 5 ჯარიმა გაიტანა და ზედაც 1 გარდასახვა დაურთო, რამაც ჯამში 17 ქულა შეადგინა. დაჩი პაპუნაშვილის ტრავმის შემდეგ ბორჯღალოსანმა მგეზავმა ჩუბინობა ითავა და ამ საქმეს შესანიშნავად უძღვება. აბჟანდაძის ანგარიშზე 8 მატჩში 43 ქულაა, ხოლო ლიგის ეგიდით მას 39 მატჩში უკვე 258 ქულა აქვს!





