ამერიკელ რეპერს ჯეი ზის აქვს სიმღერა „99 პრობლემა’’. გაზეთი „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ არნე სლოტს მისი ალბათ ძალიან შურს. შაბათს „ბრენტფორდთან’’ 2:3 დამარცხების შემდეგ მერსისაიდელებს ნამდვილი კრიზისის ნიშნები გამოეკვეთათ. ეს იყო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე მარცხი პრემიერლიგაში. რაც „ენფილდზე’’ სამუშაოდ მივიდა, ჰოლანდიელს ასეთი მძიმე პერიოდი არ ჰქონია. მან რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას, რამ განაპირობა ვარდნა. „ლივერპულის’’ შედეგების შემყურე გულშემატკივრებს ეშინიათ, რომ ტიტულის შენარჩუნებაზე ოცნებისთვის თავის დანებება უახლოეს მომავალში მოუწევთ. შაბათს „წითლები’’ „ასტონ ვილას’’ მასპინძლობენ და თუ კვლავ წააგეს, ლიდერი „არსენალი’’ შეიძლება უკვე 10 ქულით გაექცეთ.

თუმცა, „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტა არ არსებობს. გაზეთის კორესპონდენტი პოლ გორსტი შეშფოთებულია „ბრენტფორდთან’’ მარცხის მერე სლოტის ნათქვამით: „მეტოქეები ჩვენ წინააღმდეგ კონკრეტულ სათამაშო სტილს ირჩევენ. მათი ტაქტიკა ძალიან სწორია, მე კი პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე. ხელს გვიშლის ისიც, რომ ყოველ შეხვედრაში პირველი გოლი მოწინააღმდეგეს გააქვს. დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ორი გოლის გატანა. ეს კარგია, მაგრამ როდესაც ამდენ გოლს უშვებ, მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებ’’.

პოლ გორსტი წერს, რომ დღეს „ლივერპულის’’ წინააღმდეგ ეფექტურად თამაშის ხერხს ტაქტიკურად უმეცარი ადამიანებიც კარგად ხვდებიან. „წითლებს’’ სწრაფი, კონტრშეტევაზე აგებული ფეხბურთის დაძლევა უჭირთ. რას შეეცდებოდა „ბრენტფორდი’’ ძალიან იოლი მისახვედრი იყო. პლუს, მიმდინარე სეზონში მერსისაიდელებმა უკვე მეოთხედ გაუშვეს გოლი პირველ თხუთმეტ წუთში. იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობენ სლოტის შეგირდები შეხვედრის ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრებას, უკვე „ზაზუნას დღედ’’ იქცა. თამაშები ასე ცუდად „ლივერპულს’’ 1996 წლის იანვრის შემდეგ არ დაუწყია.

„პირველ 20 წუთში მგონი ათჯერ ჩავაწოდებინეთ მეტოქეს აუტი, ― თქვა ვირჯილ ვან დაიკმა, ― და თუკი მეტოქის ძლიერი მხარე სწორედ აუტიდან სახიფათო მომენტის შექმნაა, ესე იგი შენ თავად ეძებ უსიამოვნებას. ეს გულსატკენია, მაგრამ უფრო გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ გოლებს ვუშვებთ. პრობლემა რომელიმე ერთი ფეხბურთელი ან ვთქვათ დაცვის ხაზი კი არ არის, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. იმისათვის, რომ გამარჯვების გზაზე დავდგეთ, გუნდური თამაში უნდა დავაუმჯობესოთ’’.

ჟურნალისტის აზრით, როგორი გეგმაც არ უნდა შეიმუშაოს სლოტმა, გუნდს მისი ხორცშესხმა უჭირს, რადგან პირველ გოლს უშვებს. ისინი ვარდებიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მეტოქე წინ გადის, თავად კი იძულებულები ხდებიან ჩამორჩენა გამოასწორონ. შედეგად, მწვრთნელი იძულებული ხდება თავდამსხმელები შეიყვანოს და თავდაპირველი ტაქტიკაც ავტომატურად ირევა. სხვა სიტყვებით, ტაქტიკა შეხვედრის მსვლელობისას ყალიბდება. ბურთის კონტროლი, რომელიც „ლივერპულს’’ გასულ სეზონში ახასიათებდა, ამ არეულობაში დაიკარგა.

ქართველი გულშემატკივრისთვის „ლივერპულის” პრობლემები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ამ გუნდის კარში ადგილის დამკვიდრებას გიორგი მამარდაშვილი ცდილობს.