Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint-Germain and Bradley LOCKO of Stade Brestois 29 during the Ligue 1 McDonald's match between Brest and Paris at...„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ბრესტს’’ შთამბეჭდავად აჯობა – 3:0. ცხრა ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 20 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა. მან გადაასწრო „მარსელს’’, რომელმაც ლანსში 1:2 წააგო. ლიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით „პარიზიენმა’’ გაიხსენა მარსელელთა და პარიზელთა შეხვედრა, რომელიც ზღვისპირელებმა შინ 1:0 მოიგეს და დაწერა, მაშინ სტუმრებს ბევრი ფეხბურთელი რომ არ ჰყოლოდათ დაშავებული, „მარსელს’’ მოგების შანსი არ ექნებოდათო.

დავუბრუნდეთ „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრას, რომელშიც ორი გოლი აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა (29-ე და 39-ე წუთები), ხოლო მესამე, მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დეზირე დუემ (90+6 წუთი).

Maxifoot-მა შეხვედრას 10-დან 6 ქულა დაუწერა. საიტმა მატჩს ცალკარა უწოდა და დააზუსტა, რომ 20 წუთის შემდეგ ცხადი გახდა ― მასპინძლები სტუმრებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. მეორე ტაიმში იყო ძალიან საინტერესო ეპიზოდი, როდესაც VAR-მა დიდხანს იმსჯელა უნდა დაენიშნა თუ არა პარიზელთა კარში თერთემტმეტრიანი დარტყმა (ანუ ითამაშა თუ არა ხელით კანგ-ინ ლიმ თავის საჯარიმოში). არბიტრმა ჟერემი პინიარმა პენალტი საბოლოოდ მაინც დანიშნა, მაგრამ „ბრესტის’’ თავდამსხმელს რომენ დელ კასტილიოს თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ფეხი დაუცდა და ბურთი მიზანს ძალიან ააცილა.

ხსენებულ საიტს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში არ მოეწონა, ქართველს მხოლოდ 5 ქულა დაუწერა, რაც ასე დაასაბუთა: „მან მონაწილეობა მიიღო ჰაკიმის მეორე გოლში, რომლის წინაც საჯარიმოში მთელი ფესტივალი მოაწყო – მისი დარტყმა პოლონელმა მეკარემ რადოსლავ მაეცკიმ მოიგერია, მერე კი ქართველმა ბურთი თავის მაროკოელ თანაგუნდელს გადააწოდა და მან გაიტანა, მაგრამ კვარაცხელიას სიმწვავე აკლდა. მან თავისი ორთაბრძოლების მხოლოდ 9% მოიგო და ბურთების მესამედი დაკარგა. „ნაპოლის’’ ყოფილ ფეხბურთელს მეორე ტაიმში შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მაეცკიმ მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმულ ბურთზე ყურადღებით ითამაშა’’.

სტატისტიკაზე ორიენტირებულმა საიტებმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასეს: Flashscore – 7.1; whoscored – 7.2; sofascore – 6.1.