NBA-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „ორლანდო მეჯიქმა“. გოგა ბითაძის გუნდი საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსთან“ 98:110 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ბითაძე შეტევაში აქტიური არ ყოფილა: ერთი ორქულიანი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო დამატებით ორი საჯარიმო ისროლა და ერთი ჩააგდო. სამაგიეროდ, ჩვენებური დაცვაში იყო კარგი და ცხრა მოხსნა მიითვალა, რასაც ორი პასიც წაამატა.
„ორლანდოს“ სტარტზე მოგების შემდეგ ორი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. ახლა ორლანდოელებს ხუთმატჩიანი გასვლით ტურნე აქვს, მეტოქეებად კი, „ფილადელფია“, „დეტროიტი“, „შარლოტი“, „ვაშინგტონი“ და „ატლანტა“ ელოდება.






