LIVERPOOL, ENGLAND - Sunday, October 19, 2025: Manchester United's Bryan Mbeumo scores the first goal during the FA Premier League match between Liverpool FC and Manchester United FC at Anfield. (Photo by David Rawcliffe/Propaganda)„ლივერპულმა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. მერსისაიდელებს ასეთი რამ თითქმის 11 წელიწადია არ დამართნიათ. ამჯერად მათ „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მოუგო, თან „ენფილდზე’’. ანგარიში მე-2 წუთზე ბრაიან მბეუმბომ გახსნა. კოდი გაკპომ 78-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ 84-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა სტუმართა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, „ლივერპულს’’ პრემიერლიგაში მიჯრით სამი მარცხის შემდეგ 15 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. პირველზე არის „არსენალი’’ 19 ქულით, ხოლო მეორეზე 16-ქულიანი „მანჩესტერ იუნაიტედი’’. რაც მწვრთნელად არნე სლოტი დაინიშნა, „წითლები’’ მეორედ აღმოჩნდნენ მეორე ადგილზე დაბლა.

ამ შეხვედრაში ლივერპულელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. Liverpoolecho-მ მას 5 ქულა დაუწერა და ასეთი სიტყვებით დაახასიათა: „მბეუმბოს გოლის ეპიზოდში უკეთ უნდა ეთამაშა. ერთხელ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს, რამდენიმეწამიან მონაკვეთში ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია კარგად. „იუნაიტედის’’ გამარჯვების გოლის მომენტში ვერაფერს გააწყობდა’’.

საკუთრივ კლუბის საიტმა Liverpool.com-მა გიორგის 6 ქულა დაუწერა. „ერთ ეპიზოდში ორი მნიშვნელოვანი დარტყმა მოიგერია, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებული მარტივი ბურთი გაუვარდა ხელიდან. სტანდარტული მდგომარეობების დროს თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობდა’’.

Thisisanfield-ს ფეხბურთელებისთვის ქულები არ დაუწერია, მაგრამ „იუნაიტედის’’ პირველ გოლზე თქვა, მამარდაშვილმა ძალიან სუსტად ითამაშაო. იმავე ეპიზოდის აღწერისას „სანმა’’ თქვა, მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდაო.

Flashsvore-მა ქართველ მეკარეს 5.9 ქულა გამოუყვანა (მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ ალექსანდერ ისაკმა მიიღო), sofascore-მა ― 6.4  (ამდენივე მიიღო მო სალაჰმა. მათზე დაბალი შეფასება კი ორს ჰქონდა); whoscored-მა ― 5.8 (ყველაზე დაბალი შეფასება ლივერპულელთა შორის).