18 წლის ლამინ იამალი უკვე ფულის დაზგაა. ის 2025-26 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე დიდხელფასიან ფეხბურთელთა ათეულში  მოხვდა და ბიზნესშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც მოედანზე. 1906 წელს ბარსელონაში დაარსებული გაზეთის „მუნდო დეპორტივოს’’ ცნობით მსოფლიო ფეხბურთის უკვე ამოსული და ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი აპირებს ამიერიდან ავტოგრაფები აღარ დაარიგოს.

მიზეზი: იამალს დაუკავშირდა სპორტის ვარსკვლავებთან დაკავშირებული ტანსაცმლის გაყიდვაში გამეცადინებული კომპანია, რომელიც მალე დახლებზე გამოიტანს საქონელს ბარსელონელი ვარსკვლავბიჭუნას ავტოგრაფით. შედეგად, მის ხელმოწერას კომერციული ფასი დაედება. „მუნდო დეპორტივო’’ წერს, რომ ერთი ხანია მარჯვენა გარემარბი სიუტატ ესპორტივა ჟოან გასპერზე ანუ „ბარსელონას’’ საწვრთნელ ბაზაზე მისულ გულშემატკივართან მხოლოდ ფოტოებს იღებს.

თუკი იამალი ავტოგრაფების დარიგებას შეწყვეტს, მისი ხელმოწერის ფასი ავტომატურად გაძვირდება, რაც ამ ბიზნესის მონაწილე ყველა მხარეს აწყობს. ასე რომ უახლოეს მომავალში ვისაც იამალის ხელმოწერით დამშვენებული მაისური ენდომება, შეეძლება შევიდეს ჯერჯერობით ინკოგნიტო ფირმის საიტზე და გამოიწეროს. პირადად ვარსკვლავისთვის საწერი კალმის მიწოდებაზე კი ბოდიში.