Footmercato-ს მიაჩნია, რომ ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე, ლიგა 1-ში იშვიათია შეხვედრა, რომელშიც გადის ბევრი გოლი და გუნდები სპექტაკლს აწყობენ. ასეთი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენსა’’ და „სტრასბურგს’’ შორის ― 3:3. პორტალმა დათვალა, რომ შეცვლებამდე მოედანზე გასული ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი და 78 დღე იყო. ახალგაზრდების ასეთი თავყრილობა საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში 1947-48 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. რეკორდი ვერ მოიხსნა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მერე მეორე შედეგი დაფიქსირდა.
ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. მას ვარსკვლავურად არ უთამაშია. რამდენიმე ეპიზოდში გამწვავება სცადა. Flashscore-მა კვარაცხელიას 6.8 ქულა დაუწერა, sofascore-მ 6.6, ხოლო whoscored-მა 6.5. სამივე გამოცემის დათვლით მასზე მეტი ქულა მისმა არაერთმა თანაგუნდელმა დაიმსახურა.
დავუბრუნდეთ Footmercato-ს, რომელმაც დაწერა, რომ ამ შეხვედრაში ზოგი ფეხბურთელი ნამდვილად გამორჩეოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც დღე ჩაუვარდათ. პორტალი ხელმოცარულებად პარიზელთა ცენტრალურ მცველებს ილია ზაბარნისა და ლუკას ბერალდოს ასახელებს. 189 სანტიმეტრიანი უკრაინელის ბრალი იყო სტრასბურგელთა პირველი გოლი, როდესაც სტუმრების 190 სანტიმეტრიანი არგენტინელი თავდამსხმელი ხოაკინ პანიკელი მას უბრალოდ თავზე გადაახტა, მაგრამ კიეველს კრიტიკა მარტო ამ ერთი ეპიზოდის გამო არ ერგო, მან ზოგადად ვერ ითამაშა საიმედოდ. ნაწილობრივ მისმა შეცდომამ განაპირობა სტუმრების მესამე გოლიც, როდესაც ზაბარნიმ დიეგო მორეირას დაკეტვა სცადა, რაც ვერ მოახერხა და ამასობაში პანიკელი ზურგსუკან გაუძვრა. Footmercato წერს, რომ ძალიან ბევრჯერ შეცდა ბერალდოც.
„დღეს ჩვენ გავუშვით გოლები, როგორებსაც ჩვეულებრივ არ ვუშვებთ, ― თქვა მატჩის შემდეგ ლუკა ერნანდესმა, ― თუ კვლავ ჩემპიონობას ვაპირებთ, მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ’’.





