საქართველოს ნაკრებმა თურქეთში 1:4 წააგო. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსანთა’’ მეოთხე შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ E ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს ესპანეთი და თურქეთი დაიკავებენ, საქართველოს კი მუნდიალზე მოხვედრა ოცნებად დარჩება.
თურქული სპორტული გაზეთი „ფანატიკი’’ მატჩის შემდგომ ინტერვიუებს აქვეყნებს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი: „თურქეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ კი მთელი რიგი საკითხები უნდა გამოვასწოროთ. თამაში ნელა დავიწყეთ, გეგონება იოლად შეგვეძლო მოგება. არადა, თუ ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე არ დაიხარჯები, შანსი არ გაქვს. თურქი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობენ და მათ ესმით რას ნიშნავს მნიშვნელოვანი შეხვედრა. მათი მიდგომა დღევანდელი მატჩისადმი სწორედ ისეთი იყო მნიშვნელოვან შეხვედრას რომ შეეფერებოდა, ხოლო ჩვენ თამაში შესაფერისი დამოკიდებულებით არ დაგვიწყია. გუნდებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება სწორედ ეს იყო….
ჩემი ფეხბურთელების მჯერა. ვიცი, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: თუ ყოველ შეხვედრაში 100 პროცენტით არ დავიხარჯებით, კარგ შედეგებზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება. მომდევნო პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ეს არის. გუნდურობა უნდა აღვადგინოთ. ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე დაყრდნობა დაუშვებელია. დიახ, ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ისინი სხვა გუნდებსაც ჰყავთ. წარმატება ძლიერმა გუნდმა უნდა მოიტანოს’’.
თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა: „დღევანდელი გამარჯვება სიამაყით მავსებს. თამაში აგრესიულად დავიწყეთ, სივრცეები ჩავკეტეთ და მოწინააღმდეგეს შანსი არ მივეცით. როდესაც ანგარიშმა საშუალება მოგვცა, ცოტა მოვდუნდით, ამიტომ მეორე ტაიმი ნაკლებად მომეწონა, მაგრამ ჯამში რთული მეტოქის დამარცხებით კმაყოფილი ვარ. ახლა დავისვენებთ და მერე ასეთივე მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძობთ…
რასაკვირველია, როგორც ბულგარეთთან ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვანი ბურთები გავიტანეთ, მაგრამ დღეს გაშვებული გოლიც მაფიქრებს. თუმცა, ვიმეორებ, შედეგით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა ბრძოლის საუცხოო მაგალითი გვაჩვენეს, შესაშური იყო მათი გუნდური სულისკვეთება. ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა. ვინ არ ისურვებდა ესპანეთში ორქულიანი ჩამორჩენით ჩასვლას და იქ სიურპრიზის მოწყობას, მაგრამ ესპანეთი მდგომარეობას სრულიად აკონტროლებს. მას გატანილი და გაშვებული გოლების საუცხოო ბალანსი აქვს. ვნახოთ. შეიძლება ჩვენც დავაგროვოთ 12 ქულა…
სტანდარტულ მდგომარეობებზე ვმუშაობთ. ეს საქმე მწვრთნელ ჰაქან ბალთას აბარია და ის დაუღალავად შრომობს. როდესაც მაღალი კლასის ფეხბურთელები გყავს, რომელთაც ჩაწოდება და თავით დარტყმა კარგად შეუძლიათ, ასეთ რაღაცებს ახერხებ. თანამედროვე ფეხბურთში სტანდარტული მდგომარეობებით შედეგის მიღწევა სრულიად შესაძლებელია’’.
თურქეთის ნაკრების კაპიტანი ჰაქან ჩალჰანოღლუ: „მადლობა ქოჯაელელ გულშემატკივარს, მადლობა მთელს გუნდს, ყველას. დღეს დიდი საჩუქარი მივიღე. ეს დღე (მეასე მატჩი ნაკრებში) არასდროს დამავიწყდება. ჩემი ქვეყნისთვის თამაში ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო…
მერიჰ დემირალი მატჩების წინ ყოველთვის მელაპარაკება. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც როგორც ფეხით ასევე თავით დარტყმა შეუძლიათ. მიხარია მერიჰმა ორი გოლი რომ გაიტანა…
ესპანეთთან ცუდად ვითამაშეთ (1:6), მაგრამ მნიშვნელოვანი იმ წაგების მერე სწრაფად გონს მოგება იყო. ბულგარეთთან შემდეგ შეხვედრაში გოლების ბალანსის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. ბოლო ტურში ესპანეთში კი ვნახოთ, რა მოხდება. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია’’.





