„ბარსელონაში’’ ეიმედებათ, რომ ლამინ იამალი ბოლოს და ბოლოს მიხვდება: პროფესიული მიდგომის გარეშე საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდები. ეს ჭეშმარიტება ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ თავიანთი სანიმუშო კარიერით დაამტკიცეს. ზოგი გამოცემა წერს, რომ იგივე დაამტკიცეს ნეიმარმა და ედენ აზარმაც, ოღონდ მათი კარიერა შეიძლება უარყოფით მაგალითად მოვიტანოთ. მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. იამალის შესახებ კი ბოლო კვირებში უფრო ტაბლოიდები წერენ ვიდრე საფეხბურთო გამოცემები.

„ოქროს ბურთის’’ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გასული 18 წლის ვარსკვლავი ახალ სეზონში კარგად ვერ თამაშობს. ეს იმ ტრავმის ბრალია, სექტემბერში ნაკრებში რომ მიიღო. დაშავების შემდეგ მან „რეალ სოსიედადთან’’ ნახევარი საათი და „პარი სენ ჟერმენთან’’ მთელი 90 წუთი ითამაშა. არ გაუბრწყინია. ტრავმა გაუმიზეზდა და ნაკრებში საქართველოსა და ბულგარეთთან თამაში ვერ შეძლო. და რა მოიმოქმედა? ტრავმის სამკურნალოდ კატალონიაში დარჩა? არა. ბარსელონელი გენიოსი, რომელისაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2031 წლამდე გაუხანგრძლივეს და ხელფასი მოუმატეს მეგობარ გოგონასთან ერთად ხორვატიაში გაფრინდა, საიდანაც სოციალურ ქსელში ფოტოები დადო. კატალონიურ კლუბში ფეხბურთელის საქციელი არ მოეწონათ. ის არაპროფესიონალიზმად ჩაუთვალეს. მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მას უმოკლეს დროში მოედანზე ელოდა.

კერძო თვითმფრინავით გადაფრენა-გადმოფრენის ამბავმა კლუბის მენეჯმენტიც გააღიზიანა. ხელმძღვანელთათვის უსიამოვნოა, რომ მათი ვარსკვლავის შესახებ ესპანეთსა თუ მის გარეთ ტაბლოიდები ფაქტობრივად ყოველდღე წერენ. „ბარსელონაში’’ მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელი, რომელიც მესის მემკვიდრედ ითვლება ასე არ უნდა იქცეოდეს. დიდი არგენტინელის მემკვიდრეობა ასეთი არ არის.

ამბობენ, რომ ბოლო დროს იამალი თანაგუნდელებსაც აღიზიანებს. მას მერე, რაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ათნომრიანი მაისური მისცეს, მისი ქცევა შეიცვალა. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? გარემოცვის, უპირველეს ყოვლისა კი მამის მუნირ ნასრაუის, რომელიც ვაჟის მთავარ მრჩეველად ითვლება და თავისი ხუშტურებიდან გამომდინარე იქცევა.

კლუბი ჯერჯერობით საჯაროდ იცავს თავის ფეხბურთელს. პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თქვა: „პოპულარობამ მასზე შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ იამალი ამას ჩინებულად ართმევს თავს’’.

გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელოდებიან ვუნდერკინდის მოედანზე დაბრუნებას. ყველა კითხვას პასუხი სწორედ იქ უნდა გაეცეს.