შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთს და საქართველოს ერთად აქვთ სამოგზაურო ტური აღებული, თორემ რით უნდა აიხსნას, რომ ეს ორი ნაკრები ბოლო ოთხ წელიწადში ხუთჯერ შეხვდა ერთმანეთსო, დაწერა AS-მა დღევანდელი შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებიდანაა. სტატისტიკა რასაკვირველია ესპანელების უპირატესობას ამტკიცებს. ესპანელებს ესიამოვნათ რკინის კუნთებიანი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე UFC-ს ჩემპიონის ილია თოფურიას სიტყვებიც: „რწმენით და სიმტკიცით ყველაფრის მიღწევა შეიძლება’’, რომელიც მათი აზრით ორთაბრძოლების ვარსკვლავმა „ლა როხას’’ მხარდასაჭერად წარმოთქვა. თოფურია „ლა როხას’’ ბაზაზე ესტუმრა. ასეა თუ ისე, დღეს ელჩეში გამართული შეხვედრა ყველა ვარიანტში თოფურიას საყვარელი გუნდის გამარჯვებით დასრულდება.
ესპანეთი და საქართველო ბოლოს ევრო 2024-ის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანეთმა 4:1 მოიგო. როდრის, ფაბიან რუისის, ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს გოლებმა „ლა როხას’’ საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერა. მათ შეჯიბრება წარმატებით გააგრძელეს და ტრიუმფით დაასრულეს. პირველად ეს გუნდები 2012 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანელებმა 1:0 მოიგეს. მოკლედ, სტატისტიკა ასეთია: 7 მოგება და 1 წაგება ხეტაფეში, რაც AS-ის აზრით ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ის შეხვედრა ამხანაგური იყო.
მადრიდული გაზეთი გვატყობინებს, რომ დღევანდელი მატჩი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართება. გარდა ამისა, გადატვირთული გრაფიკი ძლიერ მოქმედებს როგორც ახლგაზრდა ასევე გამოცდილი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე. ესპანეთის ნაკრების ბანაკს ბოლოს ოლმო გამოაკლდა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მას ეგრეთწოდებული კუნთის გადაღლა აწუხებს.
მოხშირებული ტრავმების მიუხედავად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ჭიქას ნახევრად სავსედ აღიქვამს. მისი ყურადღება შესარჩევ ტურნირს სცდება და უკვე მუნდიალის ფინალური ეტაპისკენ არის მიპყრობილი: „ მე ივნისის ამბავი მაწუხებს, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ერთად მოიყრის თავს. მირჩევნია ჯანმრთელი ფეხბურთელების სიჭარბე მქონდეს და მათ შორის არჩევა იყოს ჩემი პრობლემა’’.
დღეს ესპანეთის ნაკრები მოედანზე ჩვეული შემადგენლობით ვერ გავა. დე ლა ფუენტეს თვითმფრინავს ფრთები ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი აკლია. ნიკო ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, ლამინს კი საზარდული აწუხებს. შეგახსენებთ, რომ იამალმა 2023 წლის 8 სექტემბერს ნაკრებში პირველი გოლი სწორედ საქართველოს გაუტანა. იმ დღეს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და გოლის ავტორი „ლა როხას’’ ისტორიაში.
ბოლოს AS-ს საქართველოს ნაკრების თავკაცის ვილი სანიოლის სიტყვები მოჰყავს: „დღეს ესპანეთსა და ჩვენ შორის სხვაობა კოლოსალურია’’. ხვიჩა კვარაცხელიას ბარძაყის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი და ჟორჟ მიქაუტაძის ინსტინქტი ესპანელებს შეახსენებს, რომ ზედმეტად თავდაჯერებულნი არ უნდა იყვნენ.





