საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა.

ტოპ 14

„კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც შეიტანა, რომელმაც 49-ე წუთზე სეზონში თავის მე-4 მატჩში მე-4 ლელო გაიტანა. ეს იყო მის კარიერაში 23-ე მატჩი ტოპ 14-ში და მე-6 ლელო.

ლიგას სათავეში „ბაიონი“ ჩაუდგა, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 40:26 დაამარცხა და 16 ქულა დააგროვა.

ლიდერს კინკილა ქულით „სტად ფრანსე“ ჩამორჩება, რომელმაც ფრანგულ კატალონიაში „პერპინიანს“ ბონუსით მოუგო – 28:11. „არლეკინები“ 5 ტურის შემდეგ კვლავაც უქულოები არიან. პარიზელთა შორის კი, 46-ე წუთზე გიორგი მელიქიძე გამოჩნდა.

„პომ“ ტულონში 17:32 წააგო და მე-6 საფეხურამდე დაქვეითდა. ბასკთა შორის ორი ქართველი იყო – ლექსო ყაულაშვილი და გურამ პაპიძე.

პრო დ2

„ორიაკმა“ სახელოვან „ბიარიცს“ მისივე მოედანზე სძლია – 19:13. თამაშის 1 საათის შემდეგ საყაიმო ანგარიში იყო. უფრო მეტიც – 54-ე წუთამდე ბასკები 13:6 იგებდნენ. მერე სტუმრებმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 62-ე და 73-ე წუთებზე ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. ჰოდა, „ორიაკის“ 19 ქულიდან 14 საკუთარ ამგარიშზე დაჩი პაპუნაშვილმა ჩაიწერა. გარდასახვა და 4 ჯარიმა ბრწყინვალეიყო, ხოლო ჯარიმათაგან ერთ-ერთი სულაც საკუთარი ნახევრიდან შესრულდა! დაჩის სეზონის 6 მატჩში 74 ქულა აქვს – 6-ით ნაკლები, ვიდრე ბორჯღალოსნებისთვის კარგად ნაცნობ პორტუგალიელ სამუელ მარკეშს. ბომბარდირთა დავასაც ესენი ლიდერობენ. ჰო, კიდევ: ირაკლი მჭედლიძე 23-ე წუთზე ტრავმირებული თანაკლუბელის ნაცვლად შევიდა მოედანზე და ისე ითამაშა, რომ სიმბოლურ ნაკრებშიც ამოყო თავი.

„ნევერმა“ „ანგულემს“ ბონუსით მოუგო – 33:10. გამარჯვებულთა შორის თავი კვლავ გამოიჩინა კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა, ვინც სეზონის მე-6 მატჩში მე-4 ლელო გაიტანა.

„გრენობლმა“ კი შინ დრამატული მატჩი „პროვანსთან“ 23:24 დათმო და ნუგეშ-ქულას დასჯერდა. ამ შეხვედრაში სამი ქართული ლელო გავიდა. ჯერ იყო და, მე-13 წუთზე თორნიკე ჯალაღონიამ დერეფანი მოიგო, მოლს გაუძღვა და თავადვე დააგვირგვინა სეზონში თავისი პირველი ლელოთი. სულ კი მას პრო დ2-ში 72 თამაშში 15 ლელო მოუგროვდა. მერე, 29-ეზე, მასპინძელთა მაგარი შეტევა გიორგი კვესელაძემ უბრწყინვალესად დაასრულა – მეტოქის 22-ში ბურთი ფეხით გაიგდო, დაეწია, სამ მცველთან ჭიდილშე ფეხზე დარჩა და ლელოშიც შეხტა. ეს იყო კვესოს ასევე პირველი სეზონური ლელო, სულ კი მას ამ ლიგის 13 მატჩში 2 ლელო აქვს. დაბოლოს, ტაიმის ბოლო წამებზე გიორგი ჯავახიამ თავისი უშველებელი ძალის ხარჯზე სტუმართა დაცვა დაშალა და სეზონში მე-2 ლელო იზეიმა. მისი კარიერული სტატისტიკა კი სრულიად ფანტასტიკურია – 132 თამაში და 22 ლელო.

პრემიერშიპი

„ექსეტერმა“ სეზონი მძლავრად დაიწყო და მეორე ტურში „ნიუკასლს“ ბონუსით აჯობა – 38:15. ბაჩუკი ჭუმბაძე ამ ჯერზეც შეცვლაზე შევიდა და ბოლო 24 წუთიც მაღალ დონეზე ითამაშა.

აი, ლუკა ივანიშვილს კი დებიუტი ჰქონდა. მართალია, მისი „ბრისტოლ ბერსი“ დედაქალაქურ „სარასენსთან“ დიდი ანგარიშით – 17:50 დამარცხდა, მაგრამ ლუკამ სტარტიდან 49-ე წუთამდე საუცხოოდ ითამაშა, წარმატებები ივანიშვილს ახალ გარემოში!