AS წერს: „მიქაუტაძე პატარა ეშმაკია. მას მერე რაც ის მოედანზე გამოჩნდა მადრიდელ მცველებს ორიენტაცია აერიათ. მან გაიტანა შესანიშნავი გოლი, რომლითაც სხვაობა შემცირდა, მაგრამ ამას დიდი სარგებელი არ მოჰყოლია’’.
ქართველი ფორვარდის გოლს სარგებელი იმიტომ არ მოჰყოლია, რომ „რეალმა’’ შინ აჯობა „ვილიარეალს’’, რომელიც 77-ე წუთის მერე მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო ― ურუგვაელი სანტიაგო მოურინიო გაუგდეს.
ამ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა მადრიდელმა ვინისიუსმა, რომელსაც flashscore-მა 10 ქულა დაუწერა. მან სტუმრების კარში ორი გოლი გაიტანა, მეორე პენლატით. მასპინძლების მესამე გოლი კილიან მბაპემ შეაგდო. მანამდე მიქაუტაძემ შეამცირა სხვაობა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, რომელიც მარსელინომ მოედანზე შესვენების შემდეგ შეუშვა, flashscore-მა 6.5 ქულა დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება მიიღო „ვილიარეალის’’ სამმა ფეხბურთელმა, ერთმა კი flashscore-ის აზრით მისი ტოლი შეფასება დაიმსახურა.
Sofascore-ს პირიქით, მიაჩნია რომ „ვილიარეალის’’ ფეხბურთელთა შორის ყველას ჟორჟ მიქაუტაძე სჯობდა ― 7.5; whoscored-ის შეფასებაა 6.7, კიდევ ორ თანაგუნდელთან ერთად მაქსიმალური.
მატჩის შემდეგ „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელმა მარსელინომ თქვა, რომ მსაჯობა არ მოეწონა. ამ შეხვედრაში მისი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მოურინიო გააგდეს.
„მსაჯობა არ მომეწონა, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ. „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ მოგება ამის გარეშეც ძნელია. ეს მსაჯის გადაწყვეტილება იყო. მორჩა, ამ საკითხზე 200 კითხვაც რომ დამისვათ, აღარაფერს ვიტყვი. ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ… რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ხომ მართალია?’’, — თქვა მარსელინომ.





