ახალ სეზონში შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლის გამო „ლივერპული’’ უკვე მეორედ დამარცხდა. ამჯერად ეს „სტემფორდ ბრიჯზე’’ „ჩელსისთან’’ მოხდა. შეხვედრის პირველი გოლიც ლონდონელებმა გაიტანეს, ეკვადორელმა მოისეს კაისედომ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ჩაჭედა ბურთი. მეორე ტაიმში სტუმართა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა (ბურთი მარჯვენა ფრთიდან დომინიკ სობოსლაიმ ჩააწოდა, საჯარიმოში კი ის ალექსანდერ ისაკმა მიიღო მოხერხებულად), მაგრამ 90+5 წუთზე 18 წლის ბრაზილიელმა ესტევაომ გამარჯვების გოლი შეაგდო. რაც „ლივერპულს’’ უდგას სათავეში არნე სლოტს ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია, ქართველი გულშემატკივრისთვის კი ეს შეხვედრა სხვა რამით იყო მნიშვნელოვანი ― შედგა გიორგი მამარდაშვილის დებიუტი პრემიერლიგაში.
Liverpoolecho-მ ქართველი მეკარის თამაში 7 ქულით შეაფასა. ეს ლივერპულელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა გახლდათ. სიტყვიერად „ექომ’’ ასე დაწერა: „მეორე ტაიმში, დროის უმოკლეს მონაკვეთში ჯეიმი ბინო-გიტენსისა და ესტევაოს დარტყმები კარგად მოიგერია. პირველ ტაიმსი კაისედოს მიერ გასროლილ რაკეტას კი ვერაფერს მოუხერხებდა. მცველთა ოთხეულთან კარგ ურთიერთგაგებას აყალიბებს’’.
Liverpool.com მამარდაშვილს 6 ქულას ანიჭებს (საიტმა ასეთივე შეფასება სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობის კიდევ 8 ფეხბურთელს დაუწერა, საუკეთესოდ კი სობოსლაი და ფლორიან ვირტცი დაასახელა, რომელთაც 7 ქულა დაუწერა). საკლუბო პორტალი წერს: „პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში ქართველი მეკარე მაღალ ბურთებზე ძალიან თავდაჯერებული გამოდიოდა, მაგრამ ფეხით თამაშის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ სოლიდური დარტყმა მოიგერია, მათ შორის ერთი ესტევაოსი’’.
Flashscore-მა მამარდაშვილს 7.0 დაუწერა. ეს გაკპოს შემდეგ მეორე შეფასება იყო. Sofascore-ის დათვლით ქართველმა 7.1 ქულა დაიმსახურა, რაც ასევე გაკპოს შემდეგ მეორე შეფასებაა. Whoscored-ის ქულა გახლდათ 7.2 და ეს კვლავ გაკპოს შემდეგ მეორე შეფასება. ჰოლანდიელის მაღალი ქულა სავარაუდოდ იმით იყო განპირობებული, რომ მან ბურთი შეაგდო.
სლოტმა მატჩის შემდეგ თქვა: „ვფიქრობ დღეს მოედანზე ორი კარგი გუნდი იდგა. ჩვენდა სამწუხაროდ, პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს ერთადერთი მომენტი ჰქონდა ბურთი მაინცდამაინც ცხრიანში შევარდა. ამ მომენტის საპასუხოდ შესვენებამდე სამი კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მიმაჩნია, რომ თამაში თანაბარი იყო. მეორე ნახევარში ძალიან კარგად დავიწყეთ და იმაში რომ ანგარიში გავათანაბრეთ, გასაკვირი არაფერი იყო. ბოლო 15 წუთში კი ერთ კართან შეტევას მეორე კართან შეტევა ცვლიდა. ჩვენც შეგვეძლო მოგება და მათაც. ბოლო წუთზე სამწუხაროდ გოლი ჩვენ გავუშვით’’.





