საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში მოასპარეზე ქართველები არ ცხრებიან და გასულ უქმეებზე საზოგადოებამ მათ მიერ გატანილი კიდევ 5 ლელო იხილა. იყო ქართული ჯარიმებიც, გარდასახვებიც, ამასთან, ტოპ 14-ის ქართველთა რიცხვს ახალგაზრდა ბურჯი ნუგზარ სომხიშვილიც დაემატა…

ტოპ 14

„კლერმონმა“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – ყოფილ ლიდერ „პოს“ საკუთარ მოედანზე 50 ქულა გაუტანა, 27 გაუშვა და ბონუსიც მიიღო. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ბორჯღალოსანმა ბურჯმა გიორგი ახალაძემ ზღაპრული მატჩი ჩაატარა – 2 ლელო მიითვალა და ლიგაში გამართულ 22-ე მატჩში ლელოთა ჯამური ანგარიში 5-მდე აიყვანა. მე-5 წუთზე გიორგიმ მოლში იაქტიურა და ძალისმიერი ლელო დადო, ხოლო 54-ეზე ლელოს ხაზზე შექმნილ რაქში იყოჩაღა.

გათამაშების მოულოდნელმა ლიდერმა „ლიონმა“ მესამედაც მოიგო – ამ ჯერზე პარიზულ „სტად ფრანსეს“ 42:37 სძლია და სანუგეშო ბონუსიც გაატანა. დედაქალაქელებს ამ ქულის მოპოვებაში გიორგი მელიქიძე დაეხმარა, რომელმაც 65-ე წუთზე კარიერაში მე-6 ლელო გაიტანა, რასაც მთელი 122 მატჩი მოანდომა. მელიქიძემაც რაქში იყოჩაღა.

„ბორდოსა“ და „მონტობანის“ შეხვედრაში ხსენებული ნუგზარ სომხიშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც თავისი ფრანგული კარიერის წინა წლები პრო დ2-სა და ნასიონალში გაატარა. წარმატებები ნუგზარს ახალ სარბიელზე! მისმა გუნდმა კი, ევროპის საკუბო ჩემპიონთან, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით წააგო – 24:71.

და კიდევ: „ტულონისა“ და „ლა როშელის“ თამაში გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება. ტულონურ „სტად მაიოლზე“ თავსხმა წვიმის შედეგად მუხლამდე წყალი დაგუბდა და აბა, რა დროს რაგბი იყო.

პრო დ2

ამ ლიგაში სეზონის დაწყებიდანვე დაჩი პაპუნაშვილზე გვიწევს საუბარი და ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა გაიტანა ლელო, რომელიც მისთვის ზედიზედ მეოთხე გამოდგა მეოთხე მატჩში. ისე, ლელოცაა და ლელოც –  55-ე წუთზე ერთ-ერთმა ორიაკელმა, დიდი ალბათობით თედო აბჟანდაძემ, ფეხით ფლანგზე გადაჰკიდა, დაჩიმ ყველას გაუსწრო და ლამაზი კულბიტით ბურთი ლელოში დაამიწა. გარდა ამისა, მან ამას ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა და სეზონური ანგარიში 53 ქულას გაუტოლა. საინტერესოა, რომ მისი კარიერული მონაგარი ამიერიდან 26 მატჩში 99 ქულას უდრის, ანუ ნებისმიერი მომდევნო ლელო, ჯარიმა თუ გარდასახვა პაპუნაშვილს 100-ქულიან ზღვარს გადააცილებს. „ორიაკმა“ კი „კოლომიესთან“ სტუმრად“ 13:38 წააგო.

ლუკა მატკავამ „ოიონაქსის“ სასტარტოში პირველად ითამაშა და თავისი გუნდის ორივე ლელო გარდასახა. ეს იყო ლუკას სადებიუტო ქულები პრო დ2-ში, „ოიონაქსმა“ კი „დაქსთან“ სტუმრად ბონუსით წააგო – 14:18.

დაბოლოს, ილია სპანდერაშვილმა თავის „ვალანს რომანს“ „ანგულემთან“ მშრალ გამარჯვებაში (31:0) მნიშვნელოვნად დაეხმარა, ბრწყინვალედ ითამაშა, ლელოც გაიტან და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ხსენებული ლელო ილიასთვის მე-3 იყო პრო დ2-ში გამართულ 19 მატჩში.