„ლიონმა’’ „მარსელს’’ 1:0 მოუგო, ლიონელთა ყოფილი თავდამსხმელი და ვარსკვლავი, მეფე ჟორჟად წოდებული ჟორჟ მიქაუტაძე კი ამ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ― ის უკვე „ვილიარეალის’’ ფეხბურთელია.

„ლიონმა’’ კარგად ითამაშა, თან ცოტა გაუმართლა კიდეც. პირველი მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ შეხვედრაში მოხდა, 29-ე წუთზე სტუმართა ლინგლისელი მცველის სიჯეი ეგან-რაილის გაძევება გახლდათ. მიზეზი: ბოლო იმედის ჯარიმა. 87-ე წუთზე კი კარის ხაზის წინ მდგომმა არგენტინელმა მცველმა ლეონარდო ბალერდიმ ვითარების განმუხტვა ვერ შეძლო და ბურთი უნებლიედ თავის კარში შეაგდო. ამრიგად, „ლიონი’’ სამი ტურის შემდეგ შეუპოვრად მისდევს „პარი სენ ჟერმენს’’. ამ ორ გუნდს 9 ქულა აქვს.

ცხადია ფრანგულ მედიაში რონისპირელთა კარგ თამაშს ღირსეულად აღნიშნავენ, მაგრამ ჯერ კიდევ ეხმაურებიან მიქაუტაძის მოულოდნელად გაყიდვის თემასაც. „ეკიპის’’ ჟურნალისტი უგო გილემე, რომელიც ცნობილ ფრანგულ სპორტულ გამოცემაში „გონების’’ ამბავთა ექსპერტია წერს, რომ ამ ისტორიაში არის რაღაც ძალიან უსიამოვნო, მითუფრო, რომ „მარსელში’’ თამაშობს (კვირას სათადარიგოთა სკამზე იჯდა) ალჟირელი ამინ გიური, რომელიც ლიონში იზრდებოდა. ის 14 წლის ასაკში მიქაუტაძეს ამჯობინეს, 2020 წელს 15 თამაშის შემდეგ კი „ნიცაში’’ გაყიდეს. მერე გიური გადავიდა „რენში’’, საიდანაც „მარსელში’’ ამოჰყო თავი. ერთი სიტყვით, გილემეს იმის თქმა უნდა, რომ ალჟირის ნაკრების ფეხბურთელი (ეროვნულ გუნდში 15 შეხვედრა, 6 გოლი) „ლიონმა’’ ვერ შეირგო, ხოლო მიქაუტაძე ვერ დააფასა და ბავშვობაშივე მოიშორა თავიდან.

ჟურნალისტი ამით არ კმაყოფილდება. ის ასახელებს იმ ადგილობრივ ფეხბურთელებს, რომლებიც ლიონელებმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით ხელიდან გაუშვეს: ბრედლი ბარკოლა, ესტებან ლეპაული, რომაინ დელ კასტილიო, ვილემ გეუბელსი… ბარკოლას გარდა ეს ფეხბურთელები შესაძლოა უმაღლესი  რანგის ვარკსვლავები არ არიან, მაგრამ რონისპირელებს ნამდვილად გამოადგებოდათ და მათი ხელიდან გაშვება კლუბის არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს.