როგორც მატჩისწინა მიმოხილვაში ვივარაუდეთ, ზუსტად ისე მოხდა – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ახალზელანდიელ თანატოლებთან ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშა, 6-გზის მსოფლიო ჩემპიონის უკიდეგანო ავტორიტეტს არ მოერიდა და მართალია, 19:38 წააგო, მაგრამ ძალიან ღირსეული რაგბი აჩვენა და ოდნავ მეტი სიზუსტით რომ ეთამაშა, მეოთხე ლელოსაც გაიტანდა და, შესაბამისად, სანუგეშო ბონუსსაც მიიღებდა.
უფრო მეტიც: მატჩი ისე დაიწყო, რომ თითქოსდა დასტურდებოდა მოსაზრება, რომ წლევანდელი ფორმაციის „ბეიბი ოლ ბლექსი“ არაა ჩემპიონობის მაძიებელი. ყოველ შემთხვევაში, იტალიასთან სტარტზე 14:5 მოგების შემდეგ ამის აშკარა ნიშნები იყო.
ლადო კილასონიას გუნდმა მე-10 წუთზე მეტოქის 22-ში დერეფანი მოაწოდა, მოიგო, მოლი ააგორა და ლელოც დადო. ეს შოთა ხელაძემ გააკეთა, ხოლო ლუკა თაყაიშვილმა, ცხადია, გარდასახა. ქართულმა დერეფანმა და მოლმა წინა მატჩშიც, ირლანდიასთანაც ბრწყინვალედ იმუშავა და ეს ამბავი ვიადანაშიც გაგრძელდა, სადაც ქართულ-ზელანდიური სპექტაკლი გათამაშდა.
მატჩი მართლაც თვალსასეირო გამოდგა, სამხრეთელები ქართულ ჯანს თავის ნატიფ ტექნიკას და ელვისებურ სიჩქარეებს წარმატებით კი უპირისპირებდა, მაგრამ გარკვეულ დრომდე უმცროს ბორჯღალოსანთა მოლს ვერაფერს აკლებდა.
პირველი ლელოს მერე ლუკა კეშელავამ გუნდი ლელოსგან ცინიკური ფოლის ხარჯზე იხსნა, სინბინში აღმოჩნდა და „ბეიბი ოლ ბლექსმა“ რიცხობრივი უპირატესობა რეაქტიული კონტრშეტევითა და ბურთის ეფექტური დამიწებით დაასრულეს. გარდასახეს კიდეც და გაათანაბრეს – 7:7.
მაგრამ კაცნაკლულმა ქართველებმა კვლავ ააგორეს თავისი ზე-მოლი და მიხეილ შიოშვილმა ჩვენი გუნდი მეორედ დააწინაურა, თაყაიშვილმა კი რთული პოზიციიდანაც გაიტანა – 14:7.
ზელანდიელებმა პირველი ლელოს ტყუპისცალით გვიპასუხეს, ოღონდ გარდასახვის გარეშე, რამაც ლიდერობა დაგვიტოვა – 14:12.
და სწორედ იმ მომენტში, როცა კეშელავა დასაბრუნებლად ემზადებოდა, ბაჩუკი ბარათაშვილმა ბოჭვისას ხელი უნებლიედ მეტოქის თავს შეახო და საქართველო ორკაცნაკლული აღმოჩნდა.
სასჯელმა არ დააყოვნა – სამხრეთელებმა უზარმაზარი ფორა მალევე შეირგეს და კიდევ ერთხელ დაგვალელოვეს, გარდასახეს კიდეც და პირველად დაწინაურდნენ – 19:14. ეს 24-ე წუთზე მოხდა და ამის შემდეგ მანამდე თითქოსდა ცუდად გამართული ახალზელანდიური სარაგბო მანქანა მთელი ძალით ამუშავდა. ტაიმის ბოლომდე „ბეიბი ოლ ბლექსმა“ კიდევ ორი შესანიშნავი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი ვერ გარდასახა და შესვენებაზე ლიდერის სტატუსით გავიდა – 31:14.
მეორე ტაიმის დასაწყისში ახალი ზელანდიის U20-მა კიდევ ერთი ბრწყინვალე ლელო გაგვიტანა, გარდასახა და ანგარიში 38:14 გახადა.
ამის მერე ქართველებმა მრისხანე მეტოქე წნეხში მოაქციეს, ზელანდიელებს დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილის დაცვაში გატარებამ მოუწიათ, მაგრამ ქართულმა მოლმა კიდევ ერთხელღა მოიტანა შედეგი – მიხეილ ხახუბია მას ლელოში შეყვა და ბურთი დაამიწა – 19:38. ლუკა თაყაიშვილს ამ ერთადერთხელ უმტყუნა მიზანმა, თუმცა რაც ამ ბიჭმა სულ მცირე ხნის შემდეგ მოიმოქმედა, რაგბის გურმანები ნამდვილად დაიმახსოვრებენ – საკუთარ 22-ში ბურთის ატაცების შემდეგ ქართველმა ფულბექმა საოცარი დრიბლინგით ზელანდიელთა მინიმუმ მესამედი გააბიუთურა და ტრიბუნებს ალალი აპლოდისმენტები მოწყვიტა. მართლაც საოცარი ეპიზოდი იყო, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ ზელანდიელებმა გასაღები თანდათან ჩვენს დერეფანსაც მოუძებნეს და მოლსაც. და ქართველების მიერ მე-4 ლელოს ვერგატანის მიზეზიც სამხრეთელების ბრწყინვალე და ჭკვიანური დაცვა იყო. გამოჩნდა, რომ ეს გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტთა შორის აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ქართველებს კი მადლობა ვუთხრათ თავდადებისთვისა და ამხელა ბობოლასთან პრაქტიკულად ტოლ-სწორი თამაშისთვის.
შემდეგი მატჩი 9 ივლის, 22:30 საათზე. მეტოქე – ტურნირის მასპინძელი იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები.