5 ივლისს, 21 საათზე, თბილისის „მიხეილ მესხზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელსაც უდიდესი ინტერესით ველით – საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ირლანდიის ეროვნულ გუნდს, რომლის სარაგბო თიკუნია „სამყურები“.
ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან, მართალია, ირლანდია საქართველოში ჩამოსული მესამე გუნდია, რომელიც ტიერ 1-ს წარმოადგენს, მაგრამ დღევანდელი ფორმაციის ირლანდიის სარაგბო ნაკრები გაცილებით მაგარი და ავტორიტეტულია, ვიდრე ბათუმში ნამყოფი იტალია და თბილისში ჩამობრძანებული შოტლანდია.
ჯერ ერთი, ირლანდია „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მესამეა მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, ანუ ევროპული ნაკრებებიდან ყველაზე მაღალრეიტინგიანია. ესეც რომ არა, 6 ერის ბოლო სამი ტურნირიდან ირლანდიამ ორი მოიგო და წლეულს ფრანგების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. აი, ასეთ სარაგბო გიგანტს ვმასპინძლობთ ვაკეში.
ურთიერთშეხვედრებში ბორჯღალოსნებს სტატისტიკურად დასაკვეხნი არაფერი აქვთ – „სამყურებს“ რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერვე დავმარცხდით. პირველად 1998-ში შევხვდით, როცა საქართველო პირველად შეეცადა მსოფლიო თასზე გასვლას, მაგრამ დუბლინში მწარე მარცხით გაგვიმასპინძლდნენ – 70:0. 2002-ში ისტორია გამეორდა, ოღონდაც ამჯერად სხვაობა შედარებით მცირე იყო – 63:14.
აი, ქართველებისთვის რიგით მეორე, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი ბორჯღალოსნების ისტორიაში საამაყო თავი ჩაიწერა: საქართველოს ნაკრებმა მთავარ სარაგბო ფორუმზე პირველი ქულა სწორედ ირლანდიასთან შეხვედრაში მოიპოვა – 10:14 კი წააგო, მაგრამ სანუგეშო ბონუსი ალალად დაიმსახურა. ეს კი არა, ქართულმა შერკინებამ ირლანდიური უბრალოდ წალეკა, თამაშის ბოლო ნაწილი ბორჯღალოსნებმა მეტოქის ლელოს ტოტალურ შტურმში გაატარეს, მაგრამ ირლანდიელებმა და მატჩის რეფერიმ ყველაფერი მოიმოქმედეს, რათა სენსაცია არ შემდგარიყო.
მომდევნო ჯერზე იყო ჩვენი კარგა ბარაქიანი მარცხი 2014 წლის შემოდგომის ტესტებზე – 7:49, ბოლოს კი ბორჯღალოსნები და „სამყურები“ ერთმანეთს 2020-ში, „შემოდგომის“ ერთა თასზე პანდემიის დროს იმავე დუბლინში გადაეყარნენ და აი, ამ ბოლო შეხვედრაში ქართველებმა ისე მძლავრად ითამაშეს, რომ რაღაც დროით ირლანდია პანიკამ მოიცვა, ხოლო გიორგი კვესელაძემ იმისთანა შედევრი შექმნა, მისი სოლო-ლელო რაგბის ყველა მოყვარულს არასდროს დაავიწყდება – 23:10.
მას მერე 4,5 წელი გავიდა, ორივე გუნდი საგრძნობლად გადახალისდა. საქართველოს ნაკრებს ინგლისელი რიჩარდ კოკერილი წვრთნის, რომელმაც უკვე გამოკვეთა ნაკრების წევრთა გაფართოებული კონტინგენტი, რომელშიც აქამდე არცერთხელ არ მომხდარა გიორგი თეთრაშვილი – „პერპინიანის“ 31 წლის ბურჯი. ეს, ცხადია, მარცხენა ბურჯების ტრავმებმა განაპირობა, მაგრამ ის უნდა ვიცოდეთ, რომ „თეთრო“ არის მაღალკვალიფიციური მორაგბე, რომელსაც ტოპ 14-ში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ეროვნულ ნაკრებშიც ყოველთვის სტაბილურად და დამაჯერებლად თამაშობდა. მართალია, ბოლოს მან „ღვინისფერი“ კვართი 2020-ში მოირგო, მაგრამ ეს სულაც არაა ხელისშემშლელი ფაქტორი.
სხვამხრივ, გუნდი მეტად საბრძოლო და შესაძლოა, ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება ირლანდიის წინააღმდეგ, რომელსაც პირიქით, საუკეთესოთა საკმაო ნაწილი „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისთვის“ ჰყავს დათმობილი და ეს საქართველოს ნაკრების ერთგვარი შანსია. მეტს აღარ გავაგრძელებთ და იმედია, თამაში კარგი სანახავი გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან შეხვედრაში
1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 12 მატჩი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 23, 45), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 18, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 18, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 25, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 22, 20), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 47, 20), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 40, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 94, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 28, 198), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 120, 100), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 68, 50), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 42, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 51, 250), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 41, 109).
მარქაფა 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 5, 5), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი, 12, 0), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 43, 20), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 20, 15), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 14, 20), 21. მიხეილ ალანია (ვანი, 16, 20), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 55, 351), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 14, 15).