საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაბრუნდა: პოლ პოგბას „მონაკოში’’ გადასვლიდან რამდენიმე დღეში „ლილმა’’ ოლივიე ჟირუ დაიმატა. ბოლოს ჟირუ აშშ-ში, „ლოს ანჯელესში’’ თამაშობდა, სადაც 38 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 38 წლის თავდამსხმელი სამშობლოდან 2012 წელს წავიდა. 13 წლის წინ იგი „მონპელიეს’’ ფეხბურთელი იყო.
„ლილმა’’ და ჟირუმ ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე გააფორმეს. ფორვარდი ახალმა გამოწვევამ მოხიბლა. „ლილი’’ საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და ახლა ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშოს.
„ბედნიერი ვარ სამშობლოში რომ დავბრუნდი. როდესაც „ლილის’’ პრეზიდენტმა ოლივიე ლეტანგმა დამირეკა, ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. ცამეტი წლის შემდეგ შინ დაბრუნების საუცხოო შესაძლებლობა დავინახე’’, ― დაწერა სოციალურ ქსელში „არსენალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა.
„მასტიფების’’ (ძაღლის ჯიშია) პრეზიდენტს საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის დარწმუნება ნამდვილად არ გასჭირვებია. ვეტერანს გუნდში თამაშის გარდა ახალგაზრდების მხარდაჭერა დაევალება.
ჟირუ: „ლილმა’’ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ახლა ის ევროპის ლიგაში ითამაშებს. მას ჰყავს ახალგაზრდული გუნდი, რომელშიც ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. მათ ჩემნაირი გამოცდილი ხალხის გვერდში დგომა სჭირდებათ. ამიტომ, ჩემი როლი მხოლოდ ფეხბურთელობით არ შემოიფარგლება’’.
„ლილისთვის’’ ჟირუს დამატება საინტერესო ნაბიჯია. რაიმე დაუგეგმავი თუ არ მოხდა, ვეტერანი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არც გახდება. კლუბი სხვა თავდამსხმელის ძებნაშია. ის „რეინჯერსიდან’’ მაროკოელი ჰამზა იგამანეს გადაბირებას ცდილობს, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ჯონათან დავიდი უნდა შეცვალოს.