გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33.
სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა ტოპ 14-ის გასულ სეზონში 25-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა და მათგან ყველაზე შორს – მახევარფინალში, ბექა გიგაშვილი და მისი „ტულონი“ გავიდნენ.
სხვათა შორის, სეზონის მსვლელობისას ტულონელთა შორის სხვა ქართველი მარჯვენა ბურჯიც გამოჩენილა, რომელიც, ამავდროულად, ჩემპიონატის მონაწილე ქართველთაგან ყველაზე ახალგაზრდაც ყოფილა. საუბარია დავით მჭედლიძეზე, რომელიც ჯერაც 20 წლისაა. მჭედლიძე ტოპ 14-ის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი 2023/2024 წლების სეზონშიც იყო, მომავალი სეზონიდან კი ეს ნიჭიერი ახალგაზრდა პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას დაიცავს, სადაც მას ბევრად მეტი სათამაშო დრო ექნება.
რაკი აქცენტი ასაკზე გაკეთდა, არ შეიძლება ყველაზე ხანდაზმულზეც არ ითქვას. ესაა ლევან ჩილაჩავა, რომელიც აგვისტოში 34 წლის გახდება. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ვეტერანი ბორჯღალოსანი თავის „კასტრში“ თამაშს მომავალ სეზონშიც გეგმავს და პირველივე შეხვედრაში 200-მატჩიან დიდოსტატურ მიშმულს უწეევს.
ყველაზე მეტი – 25 მატჩი გურამ გოგიჩაშვილმა ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ „რასინგ-92“-ის ბურჯმარეგულარულის ერთადერთი მატჩი გააცდინა.
„ლიონის“ აწ უკვე ყოფილმა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა ყველაზე მეტი – 4 ლელო გაიტანა. შემდგომი სეზონიდან „ნინი“ „ლა როშელის“ შემადგენლობაში ითამაშებს, მისმა მომავალმა თანაკლუბელმა ალექსანდრე ქუნთელიამ კი, გასულ სეზონში წითელი ბარათი მიიღო – ერთადერთი ქართველი მორაგბეებისთვის. ზემოთ ხსენებულმა ლევან ჩილაჩავამ კი 4 ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც ასევე ყველაზე მეტია ქართველთა შორის.
აქვე 25-ივე ქართველის სეზონურ სტატისტიკას გთავაზობთ:
ლიონი (4): დავით ნინიაშვილი (20 მატჩი, 4 ლელო, 1 ჯარიმა, 23 ქულა), ირაკლი აფციაური (16 მატჩი), ბექა შვანგირაძე (14 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ბექა საღინაძე (11 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი).
პო (3): გურამ პაპიძე (19 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ბექა გორგაძე (15 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ლექსო ყაულაშვილი (7 მატჩი, 1 ლელო.
მონპელიე (3): ლუკა ჯაფარიძე (13 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ნიკა აბულაძე (7 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ვანო კარკაძე (7 მატჩი, 1 ლელო).
სტად ფრანსე (3): გიორგი მელიქიძე (14 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), სერგო აბრამიშვილი (10 მატჩი, 2 ლელო), ლუკა პეტრიაშვილი (1 მატჩი).
პერპინიანი (3): გელა აფრასიძე (14 მატჩი), გიორგი თეთრაშვილი (10 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი), ვახტანგ ჯინჭარაძე (2 მატჩი).
ტულონი (2): ბექა გიგაშვილი (15 მატჩი, 2 ლელო), დავით მჭედლიძე (2 მატჩი).
კასტრი (2): ლევან ჩილაჩავა (17 მატჩი, 4 ყვითელი ბარათი), ლუკა მატკავა (1 მატჩი, 2 ჯარიმა, 6 ქულა).
ლა როშელი (2): ალექსანდრე ქუნთელია (20 მატჩი, 2 ლელო, 1 წითელი ბარათი), ნიკა სუთიძე (9 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი).
რასინგ-92 (2): გურამ გოგიჩაშვილი (25 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), გია ხარაიშვილი (15 მატჩი).
კლერმონი (1): გიორგი ახალაძე (19 მატჩი, 2 ლელო, 2 ყვითელი ბარათი).