ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონს’’ ქალი პრეზიდენტი ჰყავს ― ამერიკელმა მიშელ კანგმა თანამემამულე ჯონ ტექსტორი შეცვალა. კანგი რონისპირელთა კლუბის პირველი ქალი პრეზიდენტია. ტექსტორის ხელმძღვანელობამ მეექვსე ადგილზე გასული ფრანგული კლუბი ფინანსური დარღვევების გამო ლიგა 2-ში გაგდებამდე მიიყვანა.
კანგი 66 წლისაა. ის ტექსტორის Eagle Football Group-ში გენერალურ დირექტორად მუშაობს. „ლიონი’’ მისთვის უცხო არ არის. ორი წლის წინ კანგს კლუბის ქალთა სექტორი ჩააბარეს. პირველი რაც მან გააკეთა, ქალთა გუნდისთვის სახელის გადარქმევა იყო ― სქესის მისანიშნებლად მას „ლიონესი’’ დაარქვა. კანგმა „ლიონესი’’ ქალთა სპორტის თავის სტრუქტურას მიუერთა. ამ სტრუქტურას ჰქვია Kynisca და მასში გაერთიანებულები არიან ამერიკული „ვოშინგტონ სპირიტი’’ და ინგლისური London City Lionesses.
მიშელ კანგის ცხოვრება ამერიკული ოცნების მაგალითია. ზემოხსენებული კლუბები მან იყიდა თავისი კაპიტალით, რომელიც ახლა 1.2 მილიარდ დოლარს უდრის. კანგი 1959 წელს სამხრეთ კორეაში დაიბადა. მიშელი ამერიკაში დაირქვა, სინამდვილეში იონგმი ჰქვია. აშშ-ში სასწავლებლად ჩავიდა. ჩიკაგოში ეკონომიკის ბაკალავრისა და იელის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ის კონსალტინგის ფირმა Ernst & Young-ში მოეწყო, 2008 წელს კი თავისი Cognosante დააფუძნა. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც ამერიკის მთავრობას მედიცინის სფეროში ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. შარშან კანგმა ის მსოფლიო გიგანტ Accenture-ს მიჰყიდა.
მიშელ კანგი არ მალავს, რომ თავიდან სპორტზე წარმოდგენა არ ჰქონდა: „მე არ ვიცოდი ვინ იყო ლეო მესი, ახლა კი ხომ ხედავთ სად ვარ’’, ― ირონიით წერია მის პორტრეტზე, რომელიც „ფორბსმა” ამ თვეში გამოაქვეყნა. როგორც ამბობენ, ფეხბურთით კანგის გატაცება 2019 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა ქალებმა საფრანგეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
„ინტერესი სულ მეტად და მეტად გამიღვივდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჯილდოების მოგება კი არა, ქალთა ფეხბურთის პროფესიული დონის შემდგომი ამაღლება გახდა’’, — თქვა „ლიონის” ახალმა პრეზიდენტმა.
„პარიზიენი’’ წერს, რომ ახლა მიშელ კანგი ქალთა სპორტით არის შეპყრობილი. მას მერე რაც ამერიკელმა შვიდქალა მორაგბეებმა პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავეს ის ქვეყნის რაგბის ფედერაციას წელიწადში 4 მილიონ დოლარს ურიცხავს, ფეხბურთის ფედერაციას კი კორეული წარმოშობის ამერიკელი წელიწადში 30 მილიონით ეხმარება.
„ეს ქველმოქმედება არ არის. ჩემი ამოცანაა დავამტკიცო, რომ სპორტი კარგი ბიზნესია’’, ― ამბობს კანგი.
მაგრამ ახლა ამერიკელი ბიზნესვუმენი დიდი გამოწვევის წინაშეა. მას კაცთა „ლიონი’’ ჩააბარეს და კლუბის ლიგა 2-ში გაგდებისგან გადასარჩენად სულ რამდენიმე კვირა აქვს.
მიშელ კანგს კარგად იცნობს ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი, რომელსაც მის პროექტებში ფული ჩაუდია.
„როდესაც ის ოთახში შედის, პროცესებს უპირობოდ თავად მართავს. ეს ძნელია, განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც კაცები დომინირებენ’’, ― ამბობს მეჯიქი.