„პარი სენ ჟერმენს’’ „ინტერ მაიამისთან’’ პირველი ტაიმი ეყო ― როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ტაბლოზე უკვე 4:0 ეწერა. მეორე ნახევარში აღარაფერი მომხდარა. მეოთხედფინალში საფრანგეთის ჩემპიონი „ბაიერნს’’ შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა გუნდში ლეო მესი და რამდენიმე სხვა მქუხარე სახელი თამაშობდა, პარიზელებს სიმძლავრეების ბოლომდე ჩართვა არ დასჭირვებიათ. გილები გაიტანეს ჟოაო ნევეშმა (6;39), ტომას ავილესმა (44 თავის კარში) და აშრაფ ჰაკიმიმ (45+3).
Maxifoot-მა შეხვედრა 10-დან 6 ქულით შეაფასა. საიტმა დაწერა: „თამაშს კარგი რომ ვუწოდოთ, მასში ორი კარგი გუნდი უნდა მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში გუნდებს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. „პარი სენ ჟერმენმა’’ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც ისეთი ოსტატობა აჩვენა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაგვახსენა. მეორე ნახევარში თამაში ერთი შეხედვით მეტად დაიძაბა. მაიამელები უფრო აგრესიულები და გაბედულები გახდნენ, მაგრამ მეტის მისაღწევად მაინც შეზღუდულები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ სიამაყემ ისინი უფრო დიდი ანგარიშით დამარცხებისგან იხსნა’’.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პორტალმა ვიტინია დაასახელა და 8.5 ქულა დაუწერა. Maxifoot-ის აზრით ხვიჩა კვარაცხელია 6.5 ქულას იმსახურებდა. საიტმა მისი თამაში სიტყვებით ასე აღწერა:
„ქართველმა გარემარბმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ პირველ ტაიმში რამდენიმე კარგ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. მან გამოიწვია მარსელო ვეიგანდტის ტრავმა, რომელმაც მოედანი ზურგნატკენმა დატოვა. არგენტინელმა პარიზელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. შესვენების შემდეგ კვარაცხელია ნაკლებად შესამჩნევი იყო. რამდენჯერმე მან იმედგაცრუება ვერ დამალა იმის გამო, რომ თანაგუნდელები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ’’.
საიტმა კვარაცხელიაზე მეტი ქულ დაუწერა ჰაკიმის (8), მარკინიოსს (7), პაჩოს (7), ნუნუ მენდეშს (7.5), ჟოაო ნევეშს (8.5), ვიტინიას (8.5), ფაბიან რუისს (8) და ბრედლი ბარკოლას (7.5).