საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო – ირლანდიელ თანატოლებთან 28:35 წააგო, მაგრამ რაკი 4 ლელო გაიტანა და ამასთან, 7-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 2 ბონუს-ქულა მიიღო.
4 გატანილი ლელო ხომ კარგია, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი იმედისმომცემი შეტევა ჩააფლავეს ლადო კილასონიას ნამდვილად ნიჭიერმა აღსაზრდელებმა მცირე უზუსტობების, კონცენტრაციის წამის მეათედით დაკარგვისა და სხვა ხარვეზების გამო! ეს იყო ის შემთხვევა, როცა ერთი გუნდი ტერიტორიულ და ხშირად სათამაშო უპირატესობას ფლობს და ლელოები მის მეტოქეს გააქვს.
ცხადია, ირლანდიელები უფრო გამოცდილები არიან, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ყოველწლიურად 20-წლამდელთა 6 ერშიც თამაშობენ. ფაქტობრივად ყველა ახალგაზრდა „სამყურა“ წლევანდელი ტურნირის მონაწილეა და ირლანდიისთვის იშვიათი ჩავარდნაც მათ კისერზეა – გუნდი 6 ერში მე-6 ადგილზე გავიდა. თუმცა, სად მათი გამოცდილება და სად – ქართველების…
კილასონის გუნდმა თითქოსდა კარგი მოსამზადებელი ციკლი განვლო, თუმცა მაინც თვალშისაცემი იყო უმცროსი ბორჯღალოსნების თამაშში დისონანსური მომენტები, ხოლო ირლანდიელებმა ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი შეცდომა დაუშვეს.
კიდევ კარგი, მათი მგეზავი უხეირო დამრტყმელი გამოდგა, თორემ ორის ნაცვლად ერთ ბონუსს მივიღებდით – ტომ ვუდმა 3-დან ერთი საჯარიმო დარტყმა გააფუჭა და ხუთი გარდასახვიდან სამი ააცილა.
საპირისპირო მიმართულებით ლუკა თაყაიშვილმა უნაკლოდ ურტყა და ოთხივე ლელო გარდასახა, ეს ლელოები კი „რასინგ-92“-ის მეორეხაზელმა გაგი მარგველაშვილმა, „ლელოს“ 9 ნომერმა გიორგი სპანდერაშვილმა (ორი) და „ლელოსვე“ კვაჭმა შოთა ხელაძემ გაიტანეს. მარგველაშვილმა თავისი ძალისა და გაბარიტების გამოყენებით გაარღვია დაცვა, ხელაძემ გაწითლებულ დროში ორი ბონუსის მომტან მოლს ულიდერა და დროულადაც დაეცა სალელოვედ, ხოლო სპანდერაშვილმა თავისი ამპლუისთვის ძალიან საჭირო უნარები გამოავლინა, როცა ირლანდიელების იშვიათი ჯარიმების დროს ორჯერ აიღო ბურთი და ინდივიდუალურად შეუტია. საბედნიეროდ, ორივე „თავხედობამ“ შედეგი მოიტანა და გიორგიმ დუბლი შეასრულა.
მოკლედ, ირლანდიამ თავისი 5 ლელოსთვის ბონუსი მიიღო და 5 ქულა დააგროვა, საქართველოს 2 ქულა აქვს, ახალი ზელანდიისა და იტალიის მატჩი კი გვიან ღამით დასრულდება და ამაზე – მოგვიანებით.
შემდეგი მატჩი 20-წლამდელებში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გვაქვს – პარასკევს, 4 ივლისს, ვიადანას „სტადიო ლუიჯი ძაფანელაზე“. დასაწყისი – 20:00-ზე.