„პარიზიენი’’ წერს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგის შეფერილობას იღებს. მერვედფინალური მატჩების ნახევარი უკვე ჩატარებულია და სხვა კონტიტნეტის კლუბებისგან მეოთხედფინალში მხოლოდ „პალმეირასი’’ გავიდა. მას მეტოქედ ბრაზილიური კლუბი „ბოტაფოგო’’ ჰყავდა ანუ ამ წყვილიდან ცხადი იყო, რომ სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი გავიდოდა.

„ჩელსიმ’’ „ბენფიკა’’ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა, ხოლო „პარი სენ ჟერმენმა’’ დაძაბვის გარეშე 4:0 მოუგო „ინტერ მაიამის’’.

კვირა დღის ბოლო შეხვედრა „ფლამენგოსა’’ და „ბაიერნს’’ შორის შედარებით დაძაბული გამოდგა, მაგრამ მაინც ევროპული კლუბის გამარჯვებით დასრულდა ― 4:2. „რეკორდმაისტერი’’ მე-10 წუთზე უკვე ორი გოლით იგებდა. ჯერ იყო და პულგარმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით თავის კარში ჩაჭრა, შემდეგ კი ჰარი კეინმა ოდნავი რიკოშეტის დახმარებით მეორე შეაგდო. ეს კეინის მე-40 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ორი გოლით ჩამორჩენამ ენთუზიაზმით სავსე ბრაზილიელები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა ვინესენტ კომპანის შეგირდებს უპირატესობის შესანარჩუნებლად გარკვეული დაძაბვა მაინც მოუხდათ. კეინის გოლიდან ცოტა ხანში მანუელ ნოიერმა ლუის არაუხოს საუცხოო რეაქციით არ გაატანინა, 33-ე წუთზე კი „მარსელის’’ ყოფილმა მოთამაშემ ჟერსონმა ძლიერი დარტყმით სხვაობა შეამცირა.

შემდეგ ისევ „ბაიერნის’’ ჯერი დადგა. ლეონ გორეცკამ 41-ე წუთზე სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა. მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე „ნაპოლისა’’ და „ჩელსის’’ ყოფილმა ვარსკვლავმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონმა ჟორჟინიომ პენალტით ერთხელაც მიაახლოვა თავისი გუნდი ბავარიელებს, მაგრამ 73-ე წუთზე ჰარი კეინმა ოსტატური დარტყმით სხვაობა ისევ ორ გოლამდე გაზარდა.

ამრიგად, მეოთხედფინალში „ბაიერნი’’ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენს’’ შეხვდება. ეს გუნდები ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შვიდი თვის წინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ხვიჩას ნაპოლისდროინდელი თანაგუნდელის კიმ მინ-ჯაეს გოლის წყალობით მიუნხენელებმა 1:0 მოიგეს. იმ ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმა შეცდა.

მას მერე დონარუმამ ბევრი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. სხვათა შორის, „ალიანც არენაზე’’ გამართული მაშინდელი შეხვედრის დამთავრებამდე 33 წუთით ადრე  წითელი ბარათით დასაჯეს ოსმან დემბელე. დემბელე ბოლოხანს დაშავებული იყო, მაგრამ ახლა გამოჯანმრთელდა, „ინტერ მაიამისთან’’ შეცვლაზე შევიდა და „ბაიერნთან’’ შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვიხილოთ.

პსჟ-სა და „ბაიერნის’’ შეხვედრა შაბათს, 5 ივლისს, საქართველოს დროით 20 საათზე გაიმართება.