ისევე როგორც ორი წლის წინ ბათუმში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ბრატისლვავაშიც ინგლისის ნაკრები გახდა. ამჯერად ინგლისელებმა გერმანიას მოუგეს 3:2. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. ინგლისელებმა მესამე გოლი დამატებით დროში გაიტანეს.
გამარჯვების მომტანი დარტყმა თავურით შეცვლაზე ორი წუთის შესულმა ჯონათან როუიმ შეასრულა. შეხვედრის პირველი გოლიც ინგლისმა შეაგდო ― მეხუთე წუთზე ჰარვი ელიოტმა ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის შუაში ინგლისელებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს ― მიზანს ომარი ჰაჩინსონმა მიაღწია. მერე ჰაჩინსონს, ელიოტსა და ჯეიმს მაკატირს გერმანელთა მეკარე ნოა ატუბოლუმ აუღო დარტყმები, რამაც ბრიტანელთა შტურმი დააცხრო და პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში ნელსონ ვაიპერმა სხვაობა შეამცირა ― 1:2. შესვენების შემდეგ, 61-ე წუთზე პაულ ნებელმა ცხრიანში დარტყმით გაქვითა ანგარიში. იმავე ნებელმა ძირითადი დროის ბოლო წამებზე ხარიხას გაარტყა ბურთი.
გერმანელებს დამატებითი დროის ბოლო წამებზეც შეეძლოთ გოლის გატანა ანუ საქმის პენალტებამდე მიყვანა, მაგრამ მერლინ როლმა კვლავ ხარიხას დაუმიზნა.
საინტერესოა, რომ მაღალი ნიკ ვოლტემადეს თავურის იმედად გერმანელებმა 44-ჯერ ჩააწოდეს ბურთი საჯარიმოში. მათგან, ლოგიკური გაგრძელება ანუ კარში დარტყმა ხუთს მოჰყვა, ერთი კი სულაც გოლით დასრულდა.
ინგლისელებმა 14-ჯერ ჩააწოდეს მაღალი ბურთი და თავის დარტყმა ოთხჯერ მოახერხეს.
ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ელიოტი დაასახელეს.
ინგლისის ნაკრების თავკაც ლი კერსლის ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ახალი განახლებული ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მეორე ევროტრიუმფის შემდეგ მას, სავარაუდოდ, ახალგაზრდების სათავეში დიდხანს აღარავინ გააჩერებს. საინტერესოა, რომ „ქოვენთრისა’’ და „ევერტონის’’ ყოფილმა ნახევარმცველმა ზუსტად გაიმეორა დეივ სექსტონის წარმატება. სექსტონმა ევროპის ახალგაზრდულ პირველობებზე ზედიზედ ორჯერ 1982 და 1984 წლებში გაიმარჯვა. ახალგაზრდული ნაკრების სპეციფიკიდან გამომდინარე კერსლის ორი წლის წინ საქართველოში სხვა ფეხბურთელები ჰყავდა ჩამოყვანილი, ახლა კი სხვა შემადგენლობით მიაღწია მიზანს. ამას დაამატეთ, რომ მას სლოვაკეთში არ წაუყვანია ინგლისელთათვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ლაიამ დილეპი, ჯეიმი გიტენსი, ადამ უორტონი, ჯობ ბელინგემი, ტეილორ ჰარვუდ-ბელისი და ჯარად ბრენტუეიტი. 51 წლის მწვრთნელი ახლა, დიდი ალბათობით, სამუშაოდ ან რომელიმე ტოპ-გუნდში წავა, ან, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება, ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე თომას ტუხელს შეცვლის.