29 ივნისს იტალიაში სტარტს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი აიღებს, რომელშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ამ ასაკობრივი ჩემპიონატის სტრუქტურა დივიზიონებადაა დაყოფილი და სასიამოვნოა, რომ საქართველოს 20-წლამდელები ამ ყოველწლიური ფორუმის ელიტური 12-ეულის უცვლელი წევრები 2016 წლიდან მოყოლებული არიან, თუ არ ჩავთვლით 2020-2022 წლების ტურნირების გაუქმებას კოვიდ-პანდემიის გამო. ჩვენი 20-წლამდელების ყველაზე წარმატებული გამოსვლა 2023 წლით თარიღდება, როცა გუნდმა დღევანდელი დამრიგებლის, ლადო კილასონიას ხელმძღვანელობით მე-8 ადგილი დაიკავა.
ტურნირი 29 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონატის მონაწილეებს 5-5 მატჩის ჩატარება მოუწევთ – 3 ჯგუფში და 2 პლეი-ოფში.
ა ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია იბრძოლებენ, ბ-ში საფრანგეთმა, არგენტინამ, უელსმა და ესპანეთმა შეადგინეს. უმცროსი ბორჯღალოსნები ც ჯგუფში აღმოჩნდნენ, სადაც მათი მეტოქეები ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრები, ასევე ირლანდია და მასპინძელი იტალია იქნებიან.
ლადო კილასონიას რაზმი ტურნირს კვირას, 29 ივნისს კალვიზანოს „სტადიო სან მიკელეზე“ საღამოს 8 საათზე ირლანდიელებთან რკენით გახსნის და, ცხადია, გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგანაც წლევანდელ 20-წლამდელთა 6 ერზე ამ ფორმაციის „სამყურებმა“ ბოლო ადგილი დაიკავეს, თანაც საქართველოს U20-ს ირლანდიელ თანატოლებთან მოგების გამოცდილებაც აქვს.
ჩვენი გუნდის სატურნირო განაცხადი ისეთი არაა, როგორსაც ლადო კილასონია ისურვებდა – რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს ტრავმა აქვს, ხოლო ამ ასაკის მთავარ ქართველ ვარსკვლავ გიორგი ხაინდრავას ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზაფხულის უმნიშვნელოვანესი ტესტებისთვის მზადება უწევს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, გუნდში ისედაც მრავლად არიან საკმაოდ ცნობილი მორაგბეები, ხოლო კაპიტან ანდრო დვალს თავისი „პერპინიანის“ შემადგენლობაში სულაც ჩელენჯ თასზე უთამაშია.
მოკლედ, ყველა იმედიანადაა განწყობილი, მათ შორის კილასონიაც, რომელიც გუნდის ფიზიკური კონდიციებით ფრიად კმაყოფილია. წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს გუნდისთვის რიგით მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე!
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის U20-თან მატჩში
- ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (კაპიტანი, პერპინიანი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).





