ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონში’’ მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ კლუბის ამერიკელი მეპატრონე ჯონ ტექსტორი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს. ამასობაში ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ეს კაცი რონისპირელთა სათავეში შეიძლება დიდხანს აღარც იდგეს.

მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გასული „ლიონი’’ ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ლიონი” იმედოვნებს, რომ აპელაციის განხილვამდე მეტი გარანტიების მოძიებას მოახერხებს. პრესა წერს, რომ ტექსტორს შესაძლოა „გონის’’ ინტერესების დაცვა აღარც კი მოუწიოს, რადგან მისი პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა ჯერჯერობით კლუბს ის მართავს.

ტექსტორი უეფას შეუთანხმდა, რომ „ლიონს’’ ევროპის ლიგიდან არ გარიცხავენ. ეს შეთანხმება ამერიკელს დიდ ჯარიმად დაუჯდა: 12.5 მილიონს პლუს 37.5 მილიონი, რომლის გადახდისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შეიძლება. ამისათვის „ლიონმა’’ გარკვეული ფინანსური ამოცანები უნდა გადაწყვიტოს. ფრანგული მედიის აზრით გულშემატკივარს ეს გარიგება შეიძლება არ მოეწონოს. არადა, ტექსტორმა უეფასთან გარიგების ამბავი სოციალურ ქსელში დიდი ზარ-ზეიმით დაპოსტა:

„ვულოცავ მთელს გუნდსა და „ლიონის’’ საზოგადოებას. ჩვენ უეფაში ფინანსური მდგრადობის გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ და ევროპის ლიგაზე დაშვებულები ვართ. დიდი ხნის არყოფნის შემდეგ ეს ჩვენთვის ზედიზედ მეორე მონაწილეობაა ევროპულ შეჯიბრებაში. რასაკვირველია, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავაკმაყოფილოთ საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნული დირექტორატის მოთხოვნა, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით სიცოცხლის უნარიანები ვართ და მომავლალს მოუთმენლად ველოდებით’’.