ამ ზაფხულს „ლივერპულის’’ მეკარეთა რიგებში დიდი ცვლილებებიაო, წერს ინგლისური კლუბის საიტი. არნე სლოტისა და გულშემატკივრებისთვის სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი ალისონი გუნდს არ ტოვებს. „ენფილდზე’’ გამოჩნდება ახალი სახე ― ქართველი გიორგი მამარდაშვილი. კაომინ კელეჰერი „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც ოცნებას აიხდენს ― პირველი მეკარე იქნება და რეგულარულად ითამაშებს. ვიჩესლავ იაროში იჯარის წესით „აიაქსს’’ გაემგზავრა.
ლოგიკურად, მამარდაშვილი კელეჰერის პოზიციაზე უნდა მივიდეს და ალისონის თადარიგში დაჯდეს, მაგრამ საიტის აზრით ქართველი მაღალი კლასის მეკარეა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტად ითვლება და შემცვლელის პოზიციას არ შეეგუება.
კელეჰერი წლების განმავლობაში იმედგაცრუებული იყო. მსოფლიოს უძლიერეს მეკარედ მიჩნეული ალისონი მას თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდა. მართალია, ბრაზილიელი შიგადაშიგ ტრავმას გამოყავს მწყობრიდან, რაც შეიძლება სხვა გოლკიპერთათვის ერთგვარი შესაძლებლობაა, მაგრამ ამით საერთო სურათი არ იცვლება ― ალისონის ჩრდილში ცხოვრება უმძიმესი ტვირთია, განსაკუთრებით ამბიციური ახალგაზრდებისთვის.
„მაგრამ, მამარდაშვილი შეჯიბრებისთვის მოდის, ― წერს პორტალი liverpool.com, ― Anfield Watch ელაპარაკა ხალხს როგორც სააგენტოში ასევე ქართველის ყოფილ კლუბ „ვალენსიაში’’ და დაწერა: 24 წლის მეკარეს სწამს, რომ მზად არის მოსვლის დღიდანვე მიიღოს გამოწვევა. ეს სანაქებო მიდგომაა, მაგრამ „ლივერპულის’’ ყოფილი გოლკიპერი სანდერ ვესტერველდი სხვა აზრისაა. ის ამბობს, რომ „ლივერპულის’’ კარის მთავარი მცველობისთვის ბრძოლა მომდევნო სეზონამდე არ დაიწყება.
„ალისონი მსოფლიოში საუკეთესოა და მორჩა, ― უთხრა ვესტერველდმა Empire of Kop-ს, ― ნომერი პირველი ნომერი პირველი იქნება’’.
ამ ლოგიკას ვერ მოედავები. როგორც სლოტი ასევე იურგენ კლოპი კელეჰერს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ ირლანდიელმა ალისონის მთავარმეკარეობა ეჭვქვეშ ერთხელაც ვერ დააყენა. ეს მეორე მეკარის ღირსებებს არ შეუარცხყოფს ― გინდა კელეჰერი იყოს და გინდა მამარდაშვილი ― უბრალოდ ასე დაემთხვა: „ლივერპულს’’ ჰყავს მეკარე, რომელსაც მსოფლიოში ვერავინ უტოლდება. ამის მიუხედავად ვესტერველდი ფიქრობს, რომ ახალ სეზონში მამარდაშვილი შანსს მიიღებს და თავის წარმოჩენას შეძლებს.
„რაღაც რომ მოხდეს, ერთი მეკარე მეორემ უნდა შეცვალოს, ამისათვის კი დიდი მეკარეები გჭირდება, ― განმარტა მან, ― ახლა, როდესაც კელეჰერი წავიდა, ამის გაკეთება მამარდაშვილს შეუძლია’’.
თუ მამარდაშვილი მოკლევადიანი გამოჩენების დროს, ― სათასო შეხვედრებსა თუ ისეთ მატჩებში, რომელშიც რაიმე მიზეზის გამო ალისონი მონაწილეობას ვერ მიიღებს, ― თავისი დონის ჩვენებას შეძლებს, ის მომდევნო სეზონებისთვის შეიმზადებს ნიადაგს’’.
32 წლის ალისონი მამარდაშვილზე რვა წლით უფროსია. მას ფორმიდან ამოვარდნის არაფერი ეტყობა და როგორც მეკარეს შეუძლია კონტრაქტის ამოწურვამდე ანუ 2027 წლამდე ან კიდევ უფრო მეტხანს ითამაშოს უმაღლეს დონეზე. ტექნიკურად მისი კონტრაქტი 2026 წლამდეა, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ „ლივერპული’’ კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს. მომავალი კი შედარებით ბუნდოვანია და მამარდაშვილს სრული უფლება აქვს იფიქროს, რომ იმ დროისთვის თავისი ადგილი დაიბევა.
ამასობაში „ლივერპულმა’’ უნგრეთიდან, კერძოდ პუშკაშის აკადემიიდან მიიწვია 20 წლის არმინ პეჩი, რომელიც ამ ეტაპზე „ლივერპულის’’ მესამე მეკარე იქნება’’.