
შაბათს, 28 ივლისს გაიმართება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ინგლისი – გერმანია. ნახევარფინალში ინგლისელებმა ლივერპულელი ჰარვი ელიოტის ორი გოლისა და ზოგადად შესანიშნავი თამაშის წყალობით 2:1 მოუგეს ჰოლანდიას, გერმანელებმა კი 3:0 აჯობეს ფრანგ თანატოლებს.
ამრიგად, ლი კერსლის ნაკრებს, რომელმაც 2023 წელს საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ზედიზედ მეორედ აქვს ტიტულის მოპოვების შანსი. ორი წლის წინ ინგლისელებმა ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე’’ ფინალში ესპანელებს მოუგეს 1:0.
საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს BBC, რომელიც სვამს კითხვას: რამდენად მნიშვნელოვანია 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგება მომავალი წარმატებებისთვის?
როგორც ირკვევა, იმ 24 ქვეყნიდან, რომელმაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო (შეჯიბრება 1978 წლიდან ტარდება), ათი მომდევნო 12 წლის განმავლობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი გახდა. ცხადია დიდ ჩემპიონატებზეა ლაპარაკი. ამ ათი ქვეყნის ნაკრებიდან ცხრაში ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელებიც თამაშობდნენ. რასაკვირველია, 2017 და 2021 წლების ჩემპიონ გერმანიასა და 2013 წლის ჩემპიონ ინგლისს დიდ შეჯიბრებებში გამარჯვებებისთვის ჯერ დრო აქვთ.
ხუთი ჩემპიონი ზემოხსენებულ ვადაში ანუ 12 წლის განმავლობაში დიდი შეჯიბრების ფინალში გავიდა, ოღონდ იქ დამარცხდა.
ქვეყნები, რომელთაც 21-წლამდელთა ევროზე გამარჯვების შემდეგ 12 წლის განმავლობაში ევროპის ან მსოფლიოს დიდი ჩემპიონატი მოიგეს არიან: 1988 – საფრანგეთი (1998 წლის მუნდიალი), 1998 – ესპანეთი (ევრო 2008), 1994, 1996, 2000 და 2004 – იტალია (2006 წლის მუნდიალი), 2009 – გერმანია (2014 წლის მუნდიალი), 2011 – ესპანეთი (ევრო 2012), 2013, 2019 ესპანეთი (ევრო 2024).
ზემოთ ვთქვით, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში დიდი შეჯიბრების მომგებ გუნდში 21-წლამდელი ჩემპიონებიც თამაშობდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გუნდმა დიდი შეჯიბრება ისე მოიგო, რომ 21-წლამდელთა შორის გამარჯვებული გუნდიდან ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავდა, გახლდათ 2008 წლის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი.
BBC იმ ფეხბურთელების შესახებაც გვიყვება, რომელთაც ჯერ 21-წლამდელთა ევრო მოიგეს, შემდეგ კი დიდ სანაკრებო შეჯიბრებაში გაიმარჯვეს. ასეთი ოცდაცხრაა. მათ შორის არიან ლორან ბლანი, ფაბიო კანავარო, ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი, მანუელ ნოიერი.
ზოგიერთმა დიდმა ვარსკვლავმა საერთაშორისო სახელი პირველად სწორედ ევროპის ჩემპიონატზე გაითქვა. ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგეს რუდი ფიოლერმა, ლორან ბლანმა, დავორ შუკერმა, ლუიშ ფიგუმ, ფაბიო კანავარომ, ანდრეა პირლომ, პეტრ ჩეხმა, ხუან მატამ და ფაბიან რუისმა.
იტალიელმა რენატო ბუსომ და ესპანელმა ფრანსესკ არნაუმ კი დიდი ჩემპიონატი ვეღარ მოიგეს. როისტონ დრენტემ ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგების შემდეგ ჰოლანდიის დიდ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. 25 წლის არსენალელი ფაბიო ვიეირა პორტუგალიის ნაკრებში გამოძახებას ჯერ კიდევ ელოდება. შვედ მარკუს ბერგს კი ნაკრებში ჩინებული კარიერი ჰქონდა, მაგრამ ევროპის ტოპ-კლუბში არასდროს უთამაშია.