Georges Mikautadze - 24 Abakar SYLLA during the Ligue 1 McDonald's match between Lyon and Strasbourg at Groupama Stadium on August 30, 2024 in Lyon,...„ლიონის’’ მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა სამშაბათს საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულ დირექტორატს თავისი არგუმენტები სწორად ვერ წარუდგინა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა ხელჩასაჭიდი: თანხები, რომლებიც არ ჩარიცხულა; ანგარიში, რომლის თავი და ბოლო ერთმანეთს არ ემთხვეოდა; ფული, რომელიც „ლიონის’’ კი არა, კომპანია „იგლზის’’ ანგარიშზე დევს… უსმინა საფინანსო ზედამხედველმა ამ არგუმენტებს და რონისპირელები ლიგა 2-ში დააქვეითა. მისი გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს, თუ რა რთულად არის საქმე კლუბში. foot01-ის აზრით მეპატრონე საერთოდ ვერაფერს აკონტროლებს. ვერც ადამიანურ დონეზე პოულობს საერთო ენას ხელისუფლებასთან და ვერც ფინანსური გარანტიები მოაქვს.

ახლა „ლიონს’’ აპელაციის იმედი აქვს, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, ყველა საკითხზე უზადო პოზიციაა საჭირო. პოზიციები კი მყარი აშკარად ვერ არის, რადგან კლუბს ფული არ აქვს. ამ ეტაპზე გამოსავალი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა იქნებოდა და სწორედ ამიტომაა საინტერესო ინგლისელი ჟურნალისტის იტან ტოდის ცნობა, რომ ჩემპიონშიპის კლუბ „შეფილდ იუნაიტედს’’ „ლიონის’’ ერთ-ერთი ფეხბურთელის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ლაპარაკია ინგლისელ აარონ მეიტლანდ-ნაილსზე რომლის გაყიდვას „ლიონი’’ თითქოს არც აპირებდა, მაგრამ ახლა აცხადებს, რომ მცველ-ნახევარმცველს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

შეფილდელებს ფული არ უჭირთ, მათ საუდელი ბიზნესმენი აბდულა ბინ მოსად ალ საუდი უდგათ სათავეში, რომელმაც კლუბი 2024 წელს შეიძინა და მიზნად გავარდნიდან ორ წელიწადში გუნდის პრემიერლიგაში დაბრუნება დაისახა.

„თანხების სწრაფ შემოდინებას „ლიონისთვის’’ დიახაც აქვს მნიშვნელობა. თუ საჭირო ფულის გარკვეულ ნაწილს იშოვის, ლიგა 1-ის მეექვსეადგილოსანს შეიძლება აღარ დაჭირდეს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეების გაყიდვა, როგორებიც არიან ლუკას პერი და ჟორჟ მიქაუტაძე’’, ― წერს foot01.