კვირას „პარი სენ ჟერმენი’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ამერიკულ „ინტერ მაიამის’’ ხვდება, რომელშიც ლეო მესი თამაშობს. კლუბის მეპატრონე გახლავთ დევიდ ბექემი. მესიცა და ბექემიც ადრე პსჟ-ში თამაშობდნენ.
„ინტერ მაიამიმ’’ A ჯგუფში „პალმეირასის’’ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პარიზელები B ჯგუფში პირველზე გავიდნენ.
თუ მერვედფინალში პსჟ გაიმარჯვებს, მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება C ჯგუფში პირველ ადგილზე გასული „ფლემენგო’’ ან D ჯგუფის მეორეადგილოსანი „ბაიერნი’’.
მიუნხენელთა მეორე ადგილზე გასვლა ყველას გაუკვირდა, რადგან „რეკორდმაისტერს’’ მერვედფინალი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ სამშაბათს „ბენფიკასთან’’ წააგო და ჯგუფში პირველი პოზიცია დაკარგა. პორტუგალიურმა კლუბმა ნორვეგიელი ანდრეას შიელდერუპის მიერ მე-13 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო. „ბაიერნი’’ 36 გრადუსიან ხვატში ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, 61-ე წუთზე კიმიხმა შეაგდო კიდეც ბურთი ლისაბონელთა კარში, მაგრამ ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ჰარი კეინი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. „ბენფიკას’’ წარმატებაში დიდი როლი უკრაინელმა მეკარემ ანატოლი ტრუბინმა ითამაშა. მან ხუთჯერ იხსნა კარი გოლისგან.