ლუის ენრიკეს ერჩივნა „სიეტლთან’’ თამაშის წინ 6 ქულა ჰქონოდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში წამყვანი ფეხბურთელები დაესვენებინა, მაგრამ „ბოტაფოგოსთან’’ 0:1 წაგებამ საკითხი ჯიქურ დააყენა: მოგება და კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ან პარიზში დაბრუნება.

„პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცმა პირველი ტურის შეხვედრასთან შედარებით, რომელშიც მისმა გუნდმა „ატლეტიკოს’’ 4:0 მოუგო, „ბოტაფოგოსთან’’ ოთხი კაცი შეცვალა. სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდნენ ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი და მაიულუ. დღეს სიეტლში, ფაქტობრივად გასვლით შეხვედრაში, ლუის ენრიკემ შეიძლება კვლავ მთავარი თერთმეტეული გაიყვანოს მოედანზე. ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც „ინტერს’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 აჯობა და მერე, როგორც ვთქვით, მადრიდელებს 4:0 მოუგო. თუმცა, იმ გუნდის კოპირება, რომელმაც „ინტერს’’ სძლია, ვერც „ატლეტიკოსთან’’ მოხერხდა და შეიძლება ვერც „სიეტლთან’’ მოხერხდეს. მიზეზი არის ოსმან დემბელეს ტრავმა. პასადენაში პირველ და მეორე ტურში ის გონსალო რამუშმა შეცვალა, მაგრამ პორტუგალიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. თუ პსჟ-ს თავკაცი მესამე ტურში რამუშს აღარ ენდობა, მაშინ მას შეუძლია დეზირე დუეს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას ტრიოს დაეყრდნოს. დემბელე? ის სავარაუდოდ მოგვიანებით ჩაერთვება საქმეში.

დაცვაში საფრანგეთის ჩემპიონი შეძლება დაუბრუნდეს „კლასიკურ’’ ოთხეულს: ჰაკიმის მხარდამხარ მარკინიოსი, პაჩო და მენდეში. ნახევარდაცვაში კვლავ დადგებიან ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი.

„ჩვენს გუნდში სასტარტო შემადგენლობა არ არსებობს. ყველა მზად არის თუნდაც მხოლოდ ხუთი წუთით შევიდეს მოედანზე. ყველა ფეხბურთელი სეზონის ან კონკრეტული მატჩის ამა თუ იმ მონაკვეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს’’, ― აუხსნა ჟურნალისტებს ირვინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზემოთ ნახსენებმა რამუშმა, თუმცა ფრანგულ პრესაში გამოჩნდა მოსაზრება, რომ აქამდე პსჟ-ს ძირითად და სათადარიგო შემადგენლობებს შორის ამხელა სხვაობა არ იყო.