Italy versus Germany, UEFA Under 21 Championship - Dunajska Streda, Slovakia, June 22, 2025. Pictured Nathaniel Brown of Germany and Mattia Zanotti...ბოლო წუთებში მეტოქისთვის 3:2-ის გამოგლეჯა ჟერალდ ბატიკლის გუნდისთვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდაო, წერს „პარიზიენი’’ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის მიმოხილვაში: საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დანიას, ისევე როგორც ჯგუფური ეტაპის მატჩში საქართველოს, ბოლო წამებზე შემოუტრიალა თამაში ― 3:2. ამჯერად ფრანგებმა გამარჯვების გოლები 84-ე და 85-ე წუთებზე გაიტანეს. „ბლუე’’ ნახევარფინალში გავიდა.

ახალგაზრდა ფრანგებმა კვლავ გაირთულეს საქმე, ორჯერ ჩამორჩნენ მეტოქეს, მაგრამ ბოლოს მაინც გადასძალეს მოწინააღმდეგე. ნახევარფინალში ისინი გერმანელ თანატოლებს შეხვდებიან, რომლებმაც არანაკლებ დრამატულ შეხვედრაში ასევე 3:2 მოუგეს იტალიელებს.

უგოლო პირველი ნახევრის მერე ანგარიში იტალიამ გახსნა, მაგრამ გერმანელებმა 68-ე და 87-ე(!) წუთებზე ორი გოლით უპასუხეს.  81-ე წუთზე იტალიას მეორე ყვითლის გამო თავდამსხმელი ვილფრედ გნონტო, 90-ე წუთზე კი მსაჯთან კამათის გამო მცველი მატია ძანოტი გაუძევეს მოედნიდან ― ჯერ ყვითლით დასაჯეს და მერე ესეც არ აკმარეს. 90+3 წუთზე ორკაცნაკლულმა „აძურინიმ’’ მაინც გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ დამატებით დროში, საფინალო სასტვენამდე სამიოდ წუთით ადრე, წააგო.

მეორე ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებს შეხვდება.