ჯობ ბელინგემმა ყოველთვის იცოდა, რომ უფროს ძმას ჯუდს აუცილებლად შეადარებდნენ, განსაკუთრებით, როდესაც „დორტმუნდის’’ მაისურით პირველ გოლს გაიტანდა. ჯუდმა „დორტმუნდში’’ თავისი პირველი გოლი ოთხი წლის, ცხრა თვის და ერთი კვირის წინ გერმანიის თასზე „დუისბურგის’’ კარში შეაგდო. ეს იყო მისი პირველი თამაში „შავ-ყვითლების’’ შემადგენლობაში ― 5:0. 19 წლის ჯობს კი „დორტმუნდში’’ დებიუტმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში სამხრეთ აფრიკული „მამელოდი სანდაუნსის’’ წინააღმდეგ მოუწია. „შავ-ყვითლებმა’’ 4:3 გაიმარჯვეს. უმცროს ბელინგემს გოლის გასატანად უფროსზე 15 წუთით მეტი დასჭირდა.
ჯუდმა 2023 წელს „რეალში’’ გადასვლამდე „დორტმუნდის’’ შემადგენლობაში 132 შეხვედრაში 24 გოლი შეაგდო. BBC წერს, რომ ამ ეტაპზე ჯობიც ძმის ფხას და ნიჭს ამჟღავნებს. ცინცინატიში გატანილი გოლი საჭიროებდა ალღოს, გაწონასწორებულობას, მოქნილობას და ცივსისხლიანობას. ჯობ ბელინგემმა მართალია მცირე რიკოშეტის დახმარებით, მაგრამ ამ ყველაფრის დემონსტრაცია შეძლო.
„ეს გოლი მართლაც შესანიშნავი ბონუსი იყო, ― უთხრა უმცროსმა ბელინგემმა DAZN-ს, ― მიხარია რომ მოვიგეთ, მაგრამ როგორც ინდივიდუალურად ასე გუნდურად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. ცხადია, ზუსტად ასეთ გოლს არ ვგულისხმობ, მაგრამ რაღაც ამდავარზე როგორც ბავშვობაში ასევე „სანდერლენდში’’ ბევრი მიმუშავია. ნახევარმცველი თუ ხარ, ასეთ დარტყმას უმაღლეს დონეზე უნდა ასრულებდე. მიხარია შედეგს რომ მივაღწიე. ვამაყობ!’’
ჯუდთან გაუთავებელი შედარება ჯობისთვის რასაკვირველია დამღლელია, მაგრამ ამას ძმობის გარდა სხვა მიზეზიც აქვს: ის თავის უფროს ძმას საჯარიმოში შერბენებით ჰგავს.
„როდესაც ნახევარმცველი ხარ, ხანდახან უფრო ადვილია პასი გადააწოდო და თავად წყნარად დარჩე უკან, მაგრამ ჯობ ბელინგემი ასეთი არ არის. მას უნდა იყოს იქ, სადაც ბურთია. ის ჩემი დროის ფეხბურთელებისგან ფრენკ ლამპარდს მაგონებს, რომელსაც ყოველ სეზონში 20-ზე მეტი გოლი იმიტომ გაჰქონდა, რომ საჯარიმოში დროულად შერბოდა. ვფიქრობ ჯობი „დორტმუნდის’’ მაისურით ბევრ გოლს გაიტანს. ძალიან მომწონს, რომ ის ყოველთვის ჯიქურ მიიწევს: წინ მირბის, პასსაც წინ აწვდის, მუდმივად საჯარიმოში უნდა შევარდნა. ის კარგად იგდებს ბურთს მკერდით და კარშიც კარგად არტყამს’’, ― თქვა „ჩელსის’’ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა.
იტალიის ნაკრებისა და „ინტერის’’ ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი: „ჯობ ბელინგემი ბევრ გოლს გაიტანს, რადგან სულ კარისკენ მიიწევს. ის ძალიან ჰგავს ძმას. ერთნაირი მოძრაობები აქვთ’’.
თუ „დორტმუნდი’’ და „რეალი’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფებში პირველ ადგილებზე გავლენ და მერვედფინალურ ეტაპსაც გაივლიან, ძმები ბელინგემები მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან.