თბილისის „წიქარამ“ ნამდვილი სასწაული მოახდინა – სარაგბო კლუბი, რომელიც ჯერ კიდევ 2023-2024 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობდა, 2025 წლის შემოდგომიდან დიდ 10-ში იბრძოლებს.
ერთი კვირის წინ თბილისში გამართული გადასვლა-დარჩენის პლეი-ოფის პირველ მატჩში 44:18 სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ ძლევის შემდეგ, „წიქარა“ ელიტაში აღზევების დიდი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა და ისე მოხდა, რომ ტაოელებმა შაბათს დედაქალაქელთა ასპინძაში მასპინძლობაზე უარი თქვეს, მათ 0:30 ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.
შედეგად, „წიქარა“ მომავალ სეზონს დიდ 10-ში დაიწყებს, რაც ქართული რაგბის ისტორიაში პრეცედენტს შექმნის – აქამდე ორ სეზონში ორი ლიგით დაწინაურება ვერავის მოუხერხებია და ეს ნიშნავს, რომ „წიქარამ“ სამამულო რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი უკვე ჩაწერა.
ამასობაში, ბექა სხულუხია, „წიქარას“ მწვრთნელი, თანდათან გუნდების დიდ 10-ში გადაყვანის სპეციალისტად ყალიბდება – წლების წინ მან ასეთივე „ფოკუსი“ ქუთაისის „ბაგრატთან“ ერთად გაახერხა.
და საერთოდაც, „წიქარა“ ბევრ ასპექტში უნიკალური კლუბია: ის მხოლოდ 15 წლისაა, ანუ დიდი 10-ის კლუბებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა, თანაც ამ თბილისურ კლუბს საკუთარი სტადიონი არ გააჩნია, რაც ასევე გამონაკლისია. კლუბის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ვეტერანი მორაგბე ნიკო წიქარიძის ენთუზიაზმი და მისი მეგობრების, ასევე ვეტერანი მორაგბეებისა და დღესდღეობით ბიზნესმენების გია ჯიქიასა და პაატა გურგენიძის ფინანსური და ზოგადად, ყოველმხრივი მხარდაჭერა რომ არა, დღევანდელი „წიქარას“ სასწაული ნამდვილად არ შედგებოდა. კლუბი აქცენტს საკუთარ ასაკობრივ გუნდებში აღზრდილ ახალგაზრდებზე აკეთებს, რაც ასევე არაა ხშირი ქართულ რაგბში.
მოკლედ, „წიქარამ“ ფენომენალურ შედეგს მიაღწია ვულოცავთ და შემდგომ წინსვლასაც ვუსურვებთ.