„ბოტაფოგოსთან’’ გასაკვირი დამარცხების (0:1) მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ირვინის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა. ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლები იყო. „პარიზიენი’’ წერს, რომ პასადენაში წაგებისა და მერვედფინალში ვერგასვლის მიუხედავად პარიზული კლუბის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ხუმრობდნენ და გასული კვირის იუბილარებს, გონსალო რამუშსა და ნუნუ მენდეშს საპატიო დერეფანიც მოუწყვეს.
პარასკევის ვარჯიშის მთავარი ამბავი კი ოსმან დემბელეს ჯგუფში დაბრუნება და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში იყო. მოგეხსენებათ, პარიზელთა მთავარი ბომბარდირი პირველ ორ შეხვედრაში არ მონაწილეობდა, რადგან საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგის მატჩებში ბარძაყი იტკინა.
ჯანლუიჯი დონარუმასა და მარკინიოსის მეგობრული სალმის შემდეგ დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ლუის ენრიკე კი მედიისთვის ღია პირველი 15 წუთის განმავლობაში ჩრდილში იდგა, ხმას არ იღებდა.
ორშაბათს, საქართველოს დროით 23 საათზე პსჟ „სიეტლ საუნდერსს’’ ხვდება. ეს არის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, რომელსაც მერვედფინალში გასვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. იმის გადასაწყვეტად, ითამაშებს თუ არ ამ მატჩში დემბელე ლუის ენრიკეს კიდევ ორი დღე აქვს.
პარიზელთა მწვრთნელმა აშშ-ში ჩასვლის დღიდან მოყოლებული ბევრჯერ განაცხადა, რომ ფორვარდის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს.
პარასკევის ვარჯიშს ერთადერთი ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი აკლდა.
პარიზელებს ბოლო შეხვედრა 1500 კილომეტრის მოშორებით სიეტლში აქვთ, სადაც კვირის ვარჯიშის შემდეგ გაფრინდებიან.