Botafogo's Brazilian midfielder #25 Allan and Paris Saint-Germain's Georgian forward #07 Khvicha Kvaratskhelia fight for the ball during the FIFA Club World Cup 2025 Group B football match between France's Paris Saint-Germain and Brazil's Botafogo at the Rose Bowl stadium in Los Angeles on June 19, 2025. (Photo by Frederic J. Brown / AFP)„ისტორიული!’’  „დაუვიწყარი გამარჯვება, რომელიც ევროპას შოკში ჩააგდებს!’’ ― ასეთი სათაურებით აივსო ბრაზილიური პრესა „ბოტაფოგოს’’ მიერ „პარი სენ ჟერმენის’’ 1:0 ძლევის შემდეგ. შეხვედრის წინ პსჟ ცხადია ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა ბრაზილიური წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

„სამხრეთ ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-ს მოუგო, ის ჯიბეში ჩაისვა და თორმეტწლიან გვალვას ბოლო მოუღო’’, ― დაწერა Globo Esporte-მ, რომელიც თორმეტწლიან გვალვაში სამხრეთაემრიკული კლუბის ევროპულთან ბოლო გამარჯვების შემდეგ გასულ დროს გულისხმობს. სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა ევროპულს ბოლოს 2012 წელს მოუგო. ეს იყო „კორინტიანსი’’, რომელმაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსი’’ დაამარცხა.

ბრაზილიელთათვის „ბოტაფოგოს’’ მიერ პსჟ-ს ძლევა ჯგუფური ეტაპის მატჩში მიღწეულ წარმატებაზე გაცილებით მეტი გამოდგა.

„თავის გამართლებათა ვერანაირი რაოდენობა ვერ კურნავდა ჭრილობას ჩვენს თავმოყვარეობაზე. ბოლოს და ბოლოს ყველამ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში არ მოიგონეს, იქ იგი შვეს’’, ― წერდნენ ბრაზილიური წყაროები. მათი დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ასეთ წინადადებაში: „როდესაც „ბოტაფოგო’’ გარინჩასთან ერთად „მარაკანაზე’’ 100 ათასი მაყურებლის წინაშე გამოდიოდა პსჟ საერთოდ არ არსებობდა’’.

ESPN-ის ბრაზილიურმა ვერსიამ გამოაცხადა, რომ „როუზ ბოულზე’’ შეკრებილი 53 699 გულშემატკივარი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მფლობელის სიკვდილის, არამედ ბრაზილიური ფეხბურთის ხელახალი დაბადების თვითმხილველი გახდა. ბევრი დაიწერა დავითისა და გოლიათის დაპირისპირებაზე. ითქვა, რომ „ბოტაფოგო’’ ჩემპიონთა თასის უბრალოდ მფლობელს კი არა, ევროპის საუკეთესო გუნდს ხვდებოდა.

UOL Esporte: „ისტორიული, დაუვიწყარი, სამახსოვრო, დაუჯერებელი, გიგანტური… ამოარჩიეთ ამ სიტყვებიდან რომელიმე რათა პსჟ-თან „ბოტაფოგოს’’  გამარჯვება აღწეროთ. რასაკვირველია, „პარი სენ ჟერმენი’’ სეზონის ბოლოშია და ცოტა მეტად არის დაღლილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ასეთსავე მდგომარეობაში მყოფმა მან „ატლეტიკოს’’ 4:0 მოუგო, ოცი დღის წინ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 აჯობა. ასეთი გუნდის დამარცხება პატა გმირობა არ არის… „ბოტაფოგოს’’ დაუფასდა ორგანიზებულობა, თავდადება და ეფექტურობა’’.

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ ორი თამაშიდან ორი გამარჯვებით რიო დე ჟანეიროს გუნდი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო შეხვედრაში ის „ატლეტიკოს’’ ხვდება.