Lucas STASSIN - 22 Zuriko DAVITASHVILI during the Ligue 1 McDonald's match between Lille and Saint Etienne at Stade Pierre-Mauroy on February 1, 2025...„სენტ ეტიენმა’’ ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და გავარდა. ამას წესით ფინანსური პრობლემები უნდა გამოეწვია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა იმედიანადაა და გასული ზაფხული ორი შენაძენის გაყიდვით აპირებს სამომავლო ფულის შოვნას.

ორიდან ერთი 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც „სენტ ეტიენში’’ „ბორდოდან’’ 6 მილიონად გადავიდა და ახალ გარემოს კარგად მოერგო. მან „მწვანეების’’ მაისურით 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. საიტი Maxifoot დავითაშვილს ახასიათებს, როგორც გაბედულ, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ თავდამსხმელს, რომელმაც ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო. მისი შეძენით ყველაზე მეტად „რენია’’ დაინტერესებული.

„ეკიპი’’ წერს, რომ „სენტ ეტიენს’’ დავითაშვილის გაყიდვა 15-20 მილიონ ევროდ სურს. მისი კონტრაქტი „მწვანეებთან’’ 2028 წლამდეა ძალაში, რაც მოლაპარაკებების დროს კლუბის პოზიციას ამყარებს.

უფრო მეტი სარფის ნახვას კი „სენტ ეტიენი’’ 20 წლის ცენტრფორვარდის ლუკა სტასენის გაყიდვით გეგმავს. სტასენი ბელგიელია. ფრანგულმა კლუბმა ის „ვესტერლოსგან’’ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. მან 28 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. სტასენს გოლის საუცხოო ალღო აქვს. ის მიზანში ამოიღეს „ლილმა’’ და ლიგა 1-ში ახალგადასულმა „პარიზმა’’. „სენტ ეტიენს’’ მის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს. „სტეფანუასთან’’ (კლუბის კიდევ ერთი მეტსახელია) სტასენსაც 2028 წლამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი.

ამრიგად, ხსენებული წყვილის გაყიდვით „სენტ ეტიენს’’ 40 მილიონის შოვნა განუზრახავს. ამბობენ, რომ თუ შესაფერისი შეთავაზებები არ იქნება, ის ერთს გაყიდის, მეორეს კი დაიტოვებს. კლუბის ისტორიაში უფრო ძვირად მხოლოდ ორი ფეხბურთელი გაყიდულა: ვესლი ფოფანა (35 მილიონად „ჩელსიში’’) და ვილიამ სალიბა (30 მილიონად „არსენალში’’).