Neymar of Santos gestures during the Brasileirao 2025 match between Santos v Botafogo at Urbano Caldeira Stadium on June 1, 2025 in Santos, Brazil.33 წლის ნეიმარს ბოლო პერიოდი მკრთალი ჰქონდა: „ალ-ჰილალსა’’ და „სანტოსში’’ თავი ვერაფრით გამოიჩინა. არადა გაისად მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ. აქვს „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილ ფეხბურთელს მუნდიალში მონაწილეობის შანსი? ფრანგულ „ეკიპს’’ ფეხბურთელის მამა და აგენტი უფროსი ნეიმარი ელაპარაკა.

ნეიმარმა პსჟ-ში არცთუ მცირე დრო, 2017-2023 წლები გაატარა და რომ წავიდა დატოვა შთაბეჭდილება, რომ საქმე ბოლომდე არ მიუყვანია. ამის მიუხედავად მამა-ნეიმარი ამბობს:

„საუკეთესო პერიოდი მას სწორედ პსჟ-ში ჰქონდა. ერთადერთი რაც დააკლდა ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, თორემ 2020 წელს ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი სწორედ ის გახლდათ. სამწუხაროდ, ბედმა არ გაუღიმა. შემდეგ, გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ ნეიმარმა მათ უღალატა და ჩვენს ფანჯრებთან აქციების მოწყობა დაიწყეს. დადგება დრო, პარიზიდან წასვლის მიზეზებზეც ამომწურავად ვილაპარაკებთ’’.

უფროსი ნეიმარი ამბობს, რომ მის ვაჟსა და პარიზელებს შორის წყენა აღარ არსებობს:

„დღეს „პარკზე’’ რომ დაბრუნდეს, გულშემატკივარი ტაშით შეეგებება. დროებითი კონფლიქტები ქორწინებაშიც ხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ვნებები ცხრება. არის ოჯახები, სადაც მეუღლეები ერთმანეთს სცილდებიან, მაგრამ მეგობრებად რჩებიან. ვფიქრობ, ჩვენი და პსჟ-ს შემთხვევაც სწორედ ასეთია. ვერავინ წაშლის იმას, რაც ჩვენ ამ კლუბისთვის გავაკეთეთ და ვერც ნეიმარი ამოშლის მისი ბიოგრაფიიდან „პარი სენ ჟერმენს’’.

აღსანიშნავია, რომ მამა-ნეიმარი პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის მეგობარს უწოდებს და 31 მაისს, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მოლოცვა გაუგზავნა.

ინტერვიუში უფროსმა ნეიმარმა ვაჟის ცხოვრების სტილზეც ილაპარაკა. პარიზელი ფანები დარწმუნებულები არიან, რომ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა წარმატება ღამის ცხოვრებას, პოკერსა და ვიდეოთამაშებს შესწირა. ისინი ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი მოედანზე ხშირად საავადმყოფოში სწორედ იმიტომ იყო, რომ რეჟიმს არ იცავდა და დატვირთვებისთვის ჯეროვნად არ ემზადებოდა. მამამ ნეიმარი დაიცვა:

„მოედანზე და ვარჯიშების დროს მას ვერაფერში მოედავები, მაგრამ ის ნეიმარია თავისი სრული პაკეტით (იცინის)’’.

რას ნიშნავს პაკეტი? როგორ უნდა გავიგოთ ეს?

უფროსმა ნეიმარმა ამ კითხვას ასე უპასუხა: „არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის ყოველ საღამოს კარნავალში მონაწილეობს. მოედანზე ნეიმარი პროფესიონალია, მოედანს მიღმა კი მისი ცხოვრებაა. შვებულებაში ან როდესაც სამსახურში არ არის, რასაც უნდა იმას გააკეთებს. ის იმიტომ არ დაშავებულა, რომ ქალებში დადიოდა. თქვენ გგონიათ, რომ ჯვარედინი მყესები  პოკერის თამაშის გამო გაუწყდა?’’

„პარი სენ ჟერმენში’’ თამაშის პერიოდში ნეიმარმა ფიზიკური მიზეზით 136 თამაში გამოტოვა. „ალ-ჰილალიში’’ გადასვლის შემდეგ, ოქტომბერში მას ნაკრებში თამაშის დროს ჯვარედინი მყესი გაუწყდა, რის გამოც თითქმის წელიწადი გაუცდა. ჯამში, ორი წლის განმავლობაში ნეიმარმა „ალ-ჰილალისა’’ და შემდეგ „სანტოსში’’ მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა.