რა არ ხდება! ამერიკაში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფი ტურინის „იუვენტუსი’’ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ესტუმრა. როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესახებ ლაპარაკობდა, უკან კი „ბებერი ქალბატონის’’ ფეხბურთელები ედგნენ.
ოვალურ კაბინეტში აგრეთვე იყვნენ მწვრთნელი იგორ ტუდორი, გენერალური მდივანი ჯონ ელკანი, „შავ-თეთრების’’ სხვა მაღალჩინოსნები და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.
ტრამპს თავიდან ელკანის შესახებ ულაპარაკია. „ვფიქრობ, მას ყველა იცნობთ. ის არის ადამიანი, რომელმაც საავტომობილო მრეწველობაში დიდი წვლილი შეიტანა’’, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შემდეგ, მან ინფანტინოს „იუვესა’’ და „ალ-აინის’’ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჰკითხა: „ყველა ბილეთი გაყიდულია?’’ (20 ათასიან სტადიონზე მატჩს 18 161 გულშემატკივარი დაესწრო).
მერე პრეზიდენტმა აშშ-ს მოქალაქეებს, „იუვეს” ფეხბურთელებს ვესტონ მაკკენისა და ტიმოთი ვეას ჩამოართვა ხელი და იკითხა: „დღეს ვის ეთამაშებით? მათ ბევრი ფული გადაიხადეს, ხომ მართალია?’’ ამ კითხვაზე ელკანმა უპასუხა: „დიახ, ამ შეჯიბრებაში მსოფლიოს საუკეთესო კლუბები მონაწილეობენ’’.
ტრამპმა ხუმრობით იკითხა, თუ შეიძლება გუნდს ქალებიც შეუაერთდნენო, მერე კი თქვა: „აშშ-ში ხალხი ჩამოდის, მაგრამ მათ ეს კანონიერად უნდა გააკეთონ. თუ ისინი კანონიერად შემოვლენ ქვეყანაში, ჩვენ ისინი გვინდა. მათ უნდა თქვან, რომ ამერიკა უყვართ. უნდა თქვან, რომ უყვართ ჩვენი ქვეყანა. ხოლო თუ მათ ამის თქმა არ შეუძლიათ, მაშინ ჩვენ ისინი არ გვინდა’’.
„იუვენტუსმა’’ „ალ-აინის’’ 5:0 მოუგო.