ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანთა დღე დადგა და კვარცხლბეკზე ქართველიც ავიდა – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
არადა, თუშიშვილმა ბრწყინვალე სტარტი აიღო: ჯერ სლოვაკ მარიუშ ფიზელს 57 წამში აჯობა; შემდეგ გერმანელი ლოსენი კონე იპონზე მოიქნია; მეოთხედფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულე უშანგი კოკაურსაც იპონით აჯობა; ნახევარფინალში კი, ბრწყინვალე სტილში დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მინ-ჯონ კიმი. ჩვენებურმა ძირითად დროში მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, დამატებულ დროში კი იპონზე დასცა.
ფინალში თუშიშვილი „ნეიტრალთა“ სახელით მოასპარეზე ინალ თასოევს დაეჭიდა. თავიდან ქართველი იუკოთი იგებდა, მაგრამ შემდეგ ვაზარი გაუშვა და მხოლოდ ვერცხლი ირგუნა.
დღეს ტატამიზე სოფიო სომხიშვილიც (+78) გავიდა და პირველი ბრძოლის მოსაგებად წუთიც არ დასჭირდა – კოლუმბიელ ბრიგიტ კარაბალის ჯერ იუკო აართვა, შემდეგ შებოჭა. თუმცა, შემდეგ წრეში სამხრეთკორეელ ჰეიონჯი ლისთან ვერაფერი გააწყო.
შეგახსენებთ, აქამდე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალი იყო: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა,ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) – ბრინჯაო.
მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ გუნდური შეჯიბრით დასრულდება.