Giant screen shows attendance during the FIFA Club World Cup 2025 group F match between Fluminense FC and Borussia Dortmund at MetLife Stadium on...კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 13 ივლისამდე გასტანს, როგორც ჩანს კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის საგნად დარჩებაო, წერს „ლე მონდი’’. გავლენიანი ფრანგული გაზეთი შეგვახსენებს, რომ თავდაპირველად კამათის საგანი ახალი ფორმატი იყო ― ფიფამ გუნდების რაოდენობა 32-მდე გაზარდა და ისედაც გადატვირთულ კალენდარს ბევრი ახალი მატჩი დაამატა. შემდეგ კრიტიკოსთა ყურადღება საპრიზო ფონდმა მიიპყრო ― დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი; ბოლოს კი თამაშების განრიგზე გაამახვილეს ყურადღება.

„პარი სენ ჟერმენმა’’ თავისი პირველი შეხვედრა (4:0 მოუგო „ატლეტიკოს’’) პასადენაში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყო. ამ დროს კალიფორნიაში ხვატი იყო, ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ თქვა: „ევროპაში ასეთ სიცხეში არავინ თამაშობს. შეხვედრის ბოლოს ფეხის თითები მტკიოდა, ჩქარა ვეღარ გავრბოდი’’.

DAZN-თან ინტერვიუში იგივე აზრი გამოთქვა პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ასეთ ამინდში მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელიაო. მეორე მხრივ ყველას კარგად ესმის, თუ რატომ დანიშნა ფიფამ თამაში ასეთ დროს. როცა კალიფორნიაში შუადღეა ევროპაში საღამოს 9 საათია და ტელემაყურებელი ეკრანთან არის მობილიზებული.

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კალიფორნიულ ხვატში ცხადია სხვა შეხვედრებიც ჩატარდა და მომავალშიც ჩატარდება. ჟურნალმა Scientific Reports-მა ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში დაწერა, რომ ფეხბურთელებს მზის დაკვრის მაღალი რისკის ქვეშ მოუწევდათ თამაში. განსაკუთრებით სახიფათოა არლინგტონი, ჰიუსტონი და მონტერეი, სადაც 50 გრადუსის შეგრძნებაა. ექსპერტები ფიფას ურჩევდნენ თამაშები სხვა დროს დაენიშნათ.

სხვა სტატიაში „ლე მონდი’’ კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას. გაზეთი წერს, რომ ფიფა ცრუობს როდესაც წერს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკის სტადიონებზე დიდი წარმატებით მიმდინარეობს. მართალია მაიამიში, „ჰარდ როკ სთედიუმზე’’ ფაქტობრივად ყველა ბილეთი გაიყიდა და ლეო მესის „ინტერ მაიამისა’’ და ეგვიპტური „ალ-აჰლის’’ შეხვედრას 60 927 მაყურებელი დაესწრო (სტადიონზე 65 000 ეტევა) და მართალია იგივე მოხდა პსჟ-სა და „ატლეტიკოს’’ შეხვედრაზე (89 000-იან სტადიონზე 80 619 მაყირებელი იჯდა), მაგრამ სხვა შეხვედრებზე დასწრება სავალალო გახლდათ. ასე მაგალითად „პალმეირასისა’’ და „პორტუს’’ თამაში ნიუ ჯერსის „მეტლაიფზე’’ 46 275-მა გულშმატკივარმა ნახა, მაშინ როდესაც სარბიელი 82 500-ს იტევს.

ატლანტაში „მერსედეს ბენც სთედიუმზე’’ „ლოს ანჯელესისა’’ და „ჩელსის’’ თამაში მხოლოდ 21 152-მა ადამიანმა ნახა მაშინ როდესაც ტრიბუნებზე 71 000 ეტევა.

„გარემო მართლაც უცნაური იყო. სტადიონი უფრო ცარიელი იყო ვიდრე სავსე’’, ― თქვა ლონდონელთა მწვრთნელმა ენცო მარესკამ.

„რივერ პლეიტისა’’ და „ურავას’’ თამაშს სიეტლის 72 ათასიან სტადიონზე 11 974 მაყურებელი დაესწრო; „ფლუმინენსე’’ – „დორტმუნდი’’ 82 566-იან სტადიონზე 29 755 მაყურებელმა ნახა; „ლფამენგოსა’’ და ტუნისის ესპერანსის თამაშზე კი 67 594 ათასიან სტადიონზე 25 797 კაცი ჯდა და ასე შემდეგ.