Kang-in Lee scored the fourth and final goal for Paris. Patrick T. Fallon / AFPკანგ-ინ ლის 2024 წლის 9 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. კორეელმა ბოლოს ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს’’ კარში შეაგდო. გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეთა შორის ის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო და თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კანგ-ინ ლი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად 16 წუთით შევიდა და პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი „ატლეტიკოს’’ კარში იმიტომ დაინიშნა, რომ რობინ ლე ნორმანდმა ხელით ითამაშა.

წესით თერთმეტმეტრიანი კანგ-ინ ლის არ უნდა დაერტყა, რადგან ის პარიზელთა მთავარი პენალტისტი არ არის. დარტყმა ვიტინიას უნდა შეესრულებინა, მაგრამ პორტუგალიელმა ასპარეზი თანაგუნდელს დაუთმო.

მატჩის შემდეგ ვიტინიამ ტელეკომპანია DAZN-ის ასე განუმარტა:

„მე, მწვრთნელსა და სხვა პენალტისტებს ამ საკითხზე წინასწარ გვქონდა ნალაპარაკები. დღეს პენალტი მე უნდა დამერტყა. მოედანზე ოსმანი (დემბელე) რომ ყოფილიყო, ის დაარტყამდა. მოკლედ, ჩემი ჯერი იყო, მაგრამ მე თავდამსხმელი არ ვარ და გოლების რაოდენობა არ მჭირდება. ამიტომაც დაარტყა კანგ-ინ ლიმ’’.

შედეგად, კორეელმა პარიზული გუნდის მაისურით ყველა შეჯიბრებაში ერთად მეთორმეტე გოლი შეაგდო და თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ ის მალე აღიდგენს საკუთარი თავის რწმენას.