ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ამ ეტაპზე ყველას რომ აღემატება ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში დამტკიცდა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა’’ B ჯგუფის შეხვედრაში „ატლეტიკოს’’ მარტივად მოუგო 4:0. „ინტერის’’ 5:0 ძლევის შემდეგ ეს იყო პარიზელთა პირველი მატჩი. გოლები გაიტანეს ფაბიან რუისმა, ვიტინიამ, სენი მაიულუმ და კან-ინ ლიმ პენალტით. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ორი გოლის ავტორებს ასისტენტობა გაუწია.
ფრანგული პორტალი maxifoot თამაშს 10-და 5 ქულას უწერს და თავის გადაწყვეტილებას ასე გასაბუთებს: „იმისათვის, რომ შეხვედრას დიდებული ვუწოდოთ საჭიროა ორი გუნდია, „პარი სენ ჟერმენმა’’ კი მადრიდის „ატლეტიკო’’ უბრალოდ გაგუდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მატჩს მთლიანად აკონტროლებდა, თავის ფეხბურთს თამაშობდა და მოწინააღმდეგის მჭიდროდ ჩალაგებულ დაცვით ბლოკს დიდი დაჯახებებითაც არ აკლავდა თავს. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა მისთვის სასურველი ტემპით შეასრულა თავისი სამუშაო, ორი გოლი პირველსავე ტაიმში გაიტანა და ბოლოს კიდევ ორი დაამატა’’.
ფეხბურთელებიდან საიტმა ყველაზე მაღალი ქულა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ ვიტინიასა და კვარაცხელიას დაუწერა ― 10-დან 8. კვარას შესახებ maxifoot ასე წერს:
„პარიზელთა გარემარბი კვლავ ქების ღირსი იყო. ქართველი თავისი ინდივიდუალური მოქმედებებით ქმნიდა განსხვავებას, პარტნიორებს გულუხვად ამარაგებდა და დისბალანსს იწვევდა. „ნაპოლის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა რუისს საგოლე პასი მიაწოდა. რამდენიმე ეპიზოდში საუცხოო კომბინაციური თამაშით დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი. ასეთი იყო მაგალითად შესვენეეებამდე ვიტინიას გოლის ეპიზოდი. მეორე ტაიმში მას თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ობლაკმა ბურთს ხელი მიკრა და ის ხარიხას მოხვდა. 72-ე წუთზე კვარაცხელია კან-ინ ლიმ შეცვალა, რომელმაც პენალტი გაიტანა’’.
მომდევნო შეხვედრა პარიზელებს პარასკევს, 20 ივნისს საქართველოს დროით დილის 5 საათზე კვლავ პასადენას „რიუზ ბოულზე’’ აქვთ.