ბუდაპეშტში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიოს პირველობის მეოთხე დღეს კაცებმა „გვალვიანი“ გამოსვლა დაასრულეს და ტატო გრიგალაშვილიმა (81 კგ) საქართველოს დელეგაციას კაცებში პირველი მედალი მოუტანა – 25 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ ჰქონდა მოპოვებული, ამჯერად ვერცხლს დასჯერდა.

ტატომ საწყის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი გიორგი გრამატიკოვს, ბელგიელ მატიას კასესა და აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს აჯობა და ფინალში გავიდა.

ოქროსთვის ბრძლაში ჩვენებურის მეტოქე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვი იყო. ძიუდოისტებმა ძირითად დროში ილეთი ვერ გააკეთეს, „გოლდენ სკორში“ კი მეტოქემ იმარჯვა.

ამავე წონაში ასპარეზობდა მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტი ზაურ დვალაშვილი, რომელმაც შვეიცარიელი ორელიენ ბონფერონი და კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპო დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში დომინიკელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალთან ვერაფერს გახდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქალთა შორის ტატამიზე ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) გავიდა და პირველივე რაუნდში ჩინელ ჯინ ტანგთან იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, აქამდე საქართველოს დელეგაციას ერთი ოქრო ჰქონდა და ისიც ისტორიული – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ძიუდოში პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონია.