გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შედეგად გაირკვა, რომ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთადერთი ქართველი გააგრძელებს. პარალელურად გაირკვა ლიგაში დარჩენა-გავარდნის ამბავი, ინგლისის ჩემპიონიც გამოვლინდა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც

ტოპ 14

გიორგი ახალაძის „კლერმონი“ ბასკეთს ესტუმრა და იქაურ „ბაიონს“ ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირა. მასპინძლებმა 20:3 იმარჯვეს და საჩემპიონო პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც 20 ივნისს რეგულარული სეზონის მომგებ „ტულუზს“ გასვლაზე შეერკინებიან. ახალაძე „ვულკანების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთამდე ითამაშა.

„ტულონისა“ და „კასტრის“ დაპირისპირებაც მასპინძლებმა მოიგეს. ამ მატჩის პირველი ნახევარი ერთობ თანაბარ ბრძოლაში გაილია, შესვენების შემდეგ კი ტულონელებმა წნეხი გაზარდეს და დიდი სხვაობითაც იმარჯვეს – 52:23.  „ტულონი“ ნახევარფინალში ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ შეხვდება და ეს მატჩი 21 ივნისს გაიმართება. საანგარიშო შეხვედრაში კი „ტულონის“ მარქაფაში ბექა გიგაშვილი იყო, რომელმაც ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. „კასტრში“ კი, 50-ე წუთზე ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა, თუმცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მინდორი ტრავმის გამო დატოვა. ცნობისთვის, ეს საპლეიოფო მატჩი ლევანისთვი რიგით 199-ე აღმოჩნდა ტოპ 14-ში და მომავალი სეზონის სტარტზე ჩილაჩავა ფანტასტიკურ 200-მატჩიან ნიშნულს მიაღწევს.

ამრიგად ქართველთაგან ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბექა გიგაშვილიღა აგრძელებს.

ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „პერპინიანი“ ლიგაში დარჩენისთვის პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მომგებ და პლეი-ოფის ფინალში „მონტობანთან“ დამარცხებულ გრენობლს სტუმრად გაეჯიბრა და უდაძაბულესი მატჩის მოგებაც მოახერხა – 13:11. შესვენების შემდეგ ალპელებს შორის გიორგი ჯავახია გამოჩნდა, ხოლო გიორგი პერტაია თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო. კატალონიურ გუნდში ბოლო 20 წუთი გელა აფრასიძემ გაატარა და მომდევნო სეზონში მისი „პერპინიანი“ კვლავ ტოპ 14-ში ითამაშებს. „გრენობლმა“ კი უდიდესი სხვაობით მოგებული რეგულარული სეზონის შემდეგ წინ ვეღარ წაიწია და პრო დ2-ში დარჩა.

ინგლისის პრემიერშიპი

ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ლონდონის ლეგენდარულ „თვიქნემზე“ გაიმართა, „ბათმა“ „ლესტერ ტაიგერსს“ დრამატულ ბრძოლაში 23:21 სძლია და ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამ ულამაზესი ქალაქის სარაგბო გუნდმა ტიტული 29-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ყველა დროის ჩემპიონთა ცხრილში 7 ტიტულით მეორე ადგილზე აინაცვლა. წინ მხოლოდ 11-გზის ჩემპიონი „ლესტერია“.

URC

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის (URC) გადამწყვეტი მატჩი დუბლინის „ქროუქ პარკზე“ გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიურმა „ლენსტერმა“ ტიტული დაიბრუნა. მისი მეტოქე, სამხრეთაფრიკული „ბულზი“ ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა, პრეტორიული გუნდი შარშან შოტლანდიურ „გლაზგო უორიორზთან“ დამარცხდა, წლეულს კი დუბლინურ გრანდთან დაყარა ფარ-ხმალი. 32:7 და „ლენსტერმა მე-9 ჩემპიონობა მოიპოვა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.