იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა: ნაკრების მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ თქვა: „გატუზო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ლურჯი მაისური მისთვის მეორე ტყავია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის შემდეგ შეხვედრებში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ექნება მის მოტივაციას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას. კარგად გვესმის რა იმ მიზნის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მინდა მადლობა გადავუხადო გატუზოს იმ მზადყოფნისა და თავდადებისთვის, რომლითაც მან ეს გამოწვევა მიიღო’’.
ამრიგად, გატუზო „სკუადრა აძურას’’ მწვრთნელის თანამდებობაზე შეცვლის ლუჩანო სპალეტის, რომელმაც ნაკრები 8 ივნისს მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ დატოვა. გატუზოს წარდგინება შედგება 19 ივნისს რომში, სასტუმრო „პარკო დეი პრინჩიპიში’’.
ნაკრებამდე გატუზომ იმუშავა „სიონში’’, „პალერმოში’’, „ოფი კრეტაში’’, „პიზაში’’, „მილანში’’, „ნაპოლიში’’, „ვალენსიაში’’, „მარსელსა’’ და „ჰაიდუკში’’.