საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩი საფრანგეთთან გამართა.
პოლონეთთან მოგების შემდეგ სლოვაკეთში მყოფი ქართველი ქომაგი შეხვედრას იმედიანად ელოდა, ეს იმედი კი მათ რამაზ სვანაძის გუნდმა გაუჩინა.
ფრანგებთან მატჩი, განსაკუთრებით კი მისი ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გინდმა 0:1 დათმო, სვანაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სწორედ შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ გათამაშებული კომბინაციით, გიორგი აბუაშვილმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საგოლედ უპასა საბა საზონოვს, რომელმაც თავური დარტყმით საქართველო დააწინაურა – ეს ყველაფერი 84-ე წუთზე მოხდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი დიდი სენსაცია მწიფდებოდა, მაგრამ ფრანგებმა მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს, ერთ წუთში წინაც გავიდნენ, მაგრამ გოლი VAR-მა გააუქმა.
დანიელმა არბიტრმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, მაგრამ იმდენი რამ მოხდა, რომ გუნდებმა ერთი იმდენი კიდევ ითამაშეს და მე-12 დამატებულ წუთზე საქართველოს ნაკრების კარში მესამე გოლიც შევარდა…
წინ პორტუგალიასთან მატჩია, რომელშიც საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული – მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გასვლას შეძლებს.
17 ივნისს, 20:00 საათზე ტრენჩინში საქართველო-პორტუგალიაა… ძნელი იქნება, მაგრამ…
კობა ინასარიძე,
სპეციალურად სარბიელისთვის ჟილინადან