ამიერიდან მას სერს უწოდებენ. დევიდ ბექემი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ მესამემ რაინდად აკურთხა. რა დამსახურებისთვის? ბრიტანული საზოგადოების სამსახურში დგომისთვის.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატივი მხვდებოდა წილად’’, ― თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის’’, „პრესტონის’’, „რეალის’’, „ლოს ანჯელეს გალაქსის’’, „მილანისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 115 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი.
ბექემი 50 წლისაა. მან ფეხბურთის თამაშს თავი 2013 წელს დაანება. ის დაიბადა აღმოსავლეთ ლონდონში, უბრალო გარემოში, ჩვეულებრივი პატრიოტი ბრიტანელი მშობლებისა და პაპა-ბებიის გარემოცვაში. ამიერიდან მის მეუღლეს, ტანსაცმლის დიზაინერსა და პოპ-ჯგუფ „სფაის გელზის’’ მომღერალ ვიქტორია ადამსს ლედი ვიქტორიას უწოდებენ.
დევიდ ბექემი პარტნიორობდა UNICEF-თან, უძღვებოდა კამპანიას მალარიის წინააღმდეგ. 2024 წლის ივნისში მეფემ ის ოფიციალურად დანიშნა თავისი ფონდის ელჩად. ყოფილი ფეხბურთელი და მისი მეუღლე წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამეფო ღონისძიებებში. 2011 წელს ისინი დაპატიჟებულები იყვნენ პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის, 2018 წელს კი პრინც ჰარისა და მეგან მერკლის ქორწილებში.